(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსმა" პრემიე-რმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა განაახლა. ამ დროისთვის, პარტიის ათამდე წევრი შიმშილობს. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასა და მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ, აგრეთვე ითხოვენ რიგ ცვლილებებს კონსტიტუციაში და რუსეთთან დიალოგს.
"კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო, რომ ქვეყნის ტერიტირიული მთლიანობა სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, ხელისუფლებამ მეტი უნდა იმუშაოს ახალგაზრდებისთვის ეროვნული ცნობიერების ამაღლებაზე და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. აქ არის საუბარი სოციალურ თემებზეც, ვინაიდან ქვეყანაში უმძიმესი ფონია", - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ცხორაგაული.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ შიმშილობის აქცია თბილისში თავდაპირველად სექტემბერში დაიწყო, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, დროებით შეწყდა.