ეკატერინე ბასილაია
26.10.2017

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ინფორმაციით, 23 ოქტომბერს ე.წ. მინისტრი დიმიტრი მედოევი "ოფიციალური ვიზიტით" კატალონიაში იმყოფებოდა და ბარსელონაში "სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა".

ამ ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ოსი "მინისტრი" ევროპის ქალაქებში "ურთიერთობების, გეოგრაფიის გასაფართოებლად" ჩადის.

"რეზონანსთან" საუბარში ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ ეს არის "კერძო პირის კერძო მოგზაურობა". ახალბედაშვილის თქმით, ბარსელონაში არანაირი წარმომადგენლობა არ გახსნილა და ესპანეთის არც ერთ ოფიციალურ უწყებაში ამ მოგზაურობის შესახებ არაფერი სმენიათ.

"როგორც კი შევიტყვეთ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის აღნიშნული მოგზაურობის შესახებ, მაშინვე დავიწყეთ ინფორმაციის გადამოწმება ყველა შესაძლო მიმართულებით, თუმცა არავის არ სმენია ამ ვიზიტის თაობაზე და მით უმეტეს - წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

"როგორც გაირკვა, სახელმწიფო უწყებებთან ან ოფიციალურ პირებთან არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია არ ყოფილა. თავადაც აცხადებენ, რომ ისინი ოსი ეროვნების თანამემამულეებს შეხვდნენ. ცალსახაა, რომ ეს არ იყო რამე ვიზიტი, როგორც უნდათ, რომ გაასაღონ. ეს იყო მხოლოდ კერძო პირის კერძო მოგზაურობა.

"ვერანაირი ე.წ. წარმომადგენლობა, რომელსაც დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან რამე საერთო ექნება, ვერ შეიქმნება, ვინაიდან ესპანეთის სამეფო არ ცნობს ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს და ამ ორ რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს", - განუცხადა "რეზონანსს" ახალბედაშვილმა.

საგულისხმოა ის, რომ ერთი კვირის წინ, 18 ოქტომბერს "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი იტალიაში, კერძოდ კი იტალიის პროვინცია პეზარო ურბინოში იმყოფებოდა, როგორც თავად განაცხადა, ასევე "ოფიციალური ვიზით".

დიმიტრი მედოევის თქმით, ამ პროვინციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა და "სამხრეთი ოსეთი" კონტაქტების, გეოგრაფიის გაფართოებასა და კონტაქტების დამყარებას გეგმავს იმ ქვეყნებში, სადაც ოსური დიასპორაა.

ამ ვიზიტს თბილისში მაშინვე გამოეხმაურნენ სტანდარტული განცხადებით, რომ იტალია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დე ფაქტო მინისტრის შეხვედრა იტალიაში არის "მხოლოდ კერძო პირის კერძო ვიზიტი".

მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა კი დასძინა, რომ იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას საფრთხე არ ელის.

დაახლოებით ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს სავაჭრო პალატამაც, რომელმაც იტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას წერილითაც მიმართა ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის.

ერთი კვირის შემდეგ "მინისტრი" მედოევი ისევ ევროპაშია. ამჯერად ის ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში, კატალონიაში ჩავიდა.

"დიმიტრი მედოევი კატალონიაში თანამემამულეებს შეხვდა, რომლებიც, არსებული მანძილის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ კავშირს სამშობლოსთან და ცდილობენ, სამხრეთ ოსეთის შესახებ დასავლეთში სწორი ინფორმაციის გავრცელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ", - უცხადებენ ადგილობრივ მედიას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

თანამემამულეებთან შეხვედრაზე მედოევმა განაცხადა, რომ კატალონიაში მიმდინარე პროცესები ინტერესს იწვევს "სამხრეთ ოსეთში", მიზეზად კი დაასახელა ის, რომ 26 წლის წინ "სამხრეთ ოსეთის" ხალხმა ასევე გადადგა მსგავსი გარდამტეხი პოლიტიკური ნაბიჯები "საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაარსებლად".

დე ფაქტო საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ბარსელონაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ოფისი გაიხსნა, რომელმაც კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები უნდა გაააქტიუროს.

"ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენლის, კონფლიქტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზები და ოსები დაინტერესებული არიან, კონტაქტები დაამყარონ იმ რეგიონებთან მსოფლიოში, რომლებსაც სხვადასხვა სახელმწიფოდან სეპარაციის სურვილები აქვთ და მათ ამაში რუსები ეხმარებიან.

"ოსების ასეთი სწრაფი რეაგირება კატალონიის პროცესებზე და ის, რომ ასე სწრაფად მოახერხეს კატალონიელ ხელმძღვანელობაზე გასვლა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსული ძალები, თუნდაც მცირე დოზით, კატალონიის პროცესებშიც არიან ჩართული.

"რუსები ლობირებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხს, რადგან მოსკოვი დაინტერესებულია, შუაგულ ევროპაში მოხდეს ისეთი პრეცედენტები, რომლებიც გაამართლებს მათ პოლიტიკას საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

ის ამბობს, რომ ოსების ასეთი გააქტიურება ჩვენი ხელისუფლების სისუსტის ბრალიცაა და რომ მხოლოდ განცხადებების გაკეთება თბილისში საკმარისი არ არის.

ის პროგნოზირებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები "უფრო მეტ ქვეყანაში შევლენ და უფრო ძნელი გახდება ამის ხელის შეშლა".

"როგორ ხვდებიან ეს ადამიანები დასავლურ სახელმწიფოებში, რა დოკუმენტებით ჩადიან? ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ასევე ვიცით, რომ სეპარატისტული რეგიონებიდან ევროპის ქვეყნებში თავისუფლად ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებას და აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის წარმომადგენლები ჩადიან.

"ჩვენი საგარეო უწყება ჩვენ დასანახად განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ პრევენციული ზომების გატარებას ვერ ვხედავთ. ამ მხრივ ძირითადად აფხაზები უფრო აქტიურები არიან და ასეა წლების განმავლობაში.

"მათგან ნაწილზე აფხაზები საუბრობენ და ჩვენ ამას ვიგებთ, მაგრამ ასევე არის ისეთი ღონისძიებები, რაზეც არ იწერება და არ ვიცით. ისინი გულხელდაკრეფილები არ სხედან, აქტიურად მუშაობენ. ასე რომ, ეს ურთიერთობები უფრო გაფართოვდება და უფრო მეტ ქვეყანაში შევლენ და უფრო ძნელი გახდება ამის ხელის შეშლა", - ამბობს ცქიტიშვილი.

ცნობისათვის, 2015 წელს გერმანიაში, ბერლინში, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა "მწვანე კვირეულზე" აფხაზური დელეგაცია პირველად მონაწილეობდა და მათ სხვადასხვა საკვები პროდუქტი ჰქონდათ წარმოდგენილი.

ასევე 2015 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიხსნა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა იყო წარმოდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×