რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებში ნათქვამია, რომ საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდა აღინიშნება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ გამოიკითხა 1000-ზე მეტი ადამიანი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს - ეს მაჩვენებელი გაიზარდა შარშანდელ მაჩვენებელთან (75%) შედარებით და საგრძნობლად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.

საქართველოს მოქალაქეთა 66% ევროკავშირს ენდობა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება გაერო-ს (56%) და ნატო-ს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს.

საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია.

საქართველოს გარდა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში ჩატარდა. ყოველწლიური გამოკითხვები უკვე ორი წელია ტარდება - კვლევის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×