რეზონანსი
26.10.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც პრეზიდენტი წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს.

"არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება, თუმცა უბრალოდ მოგონილ ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, მგონია, რომ არასწორია. პრეზიდენტი უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. წინასაარჩევნო დებატების დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა ეს შეკითხვა და ჩემი პასუხი იყო, რომ თუ არსებობს ამის რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა ამ ადამიანებს, თუ იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ.

„ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში და მხარს მიჭერდა პირადად მე და "ქართულ ოცნებას", დასაძრახი და სიახლე არაფერია. ყველა ადამიანს აქვს უფლება და შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს თუნდაც აგიტაცია და მე აქ არანაირ პრობლემას არ ვხედავ. თუ რაიმე დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, მე მგონი ცოტა არასწორია", - განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტმა გუშინ "მაესტროს" ეთერში თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×