(რეზონანსი) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობა შემცირებულია, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მომატებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ინფორმაციის, მტკიცებულებების, კვლევებისა და ინოვაციების დეპარტამენტის დირექტორმა, კლაუდია შტეინმა საქართველოში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა.
"ანგარიშიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში კარგი პროგრესია. საქართველოში სიკვდილიანობა არის შემცირებული და სიცოცხლის ხანგრძლივობა მომატებულია. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა ვხედავთ, რომ ზოგიერთი რისკფაქტორი ძალიან მაღალია და ყურადღებაა მისაქცევი, რაც ხელს უწყობს გულისხლძარღვთა დაავადებების მაღალ დონეს. ასეთი არის მაგალითად თამბაქო და როგორც ვიცით, საქართველი თამბაქოს მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებებს ახორციელებს", - განაცხადა შტეინმა.
საქართველო მსოფლიოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 ქვეყანას შორის, საბერძნეთს, სლოვენიის და მოლდოვას შემდეგ, მეოთხეა, რომელმაც ქვეყნის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონახაზი შეიმუშავა.