რეზონანსი
27.10.2017

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა", ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქამეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს პარლამენტში იბარებენ.

ოპოზიციას სურს, მღებრიშვილმა არსებულ კითხვებზე პასუხები უმცირესობის ფორმატში გასცეს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ამბობს, მღებრიშვილმა პასუხი უნდა გასცეს, ჰქონდა თუ არა პარტულის მხრიდან ძალიას გადამეტებას ადგილი.

„ჰქონდა თუ არა პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი, ეს უნდა დადასტურდეს ამონაწერით, მათ შორის, ვიდეო გადაღებებით, რაც პატრულს აქვს. ჩვენ ადრე მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზეც დავიბარეთ და ასევე სხვა უამრავ საკითხზე, რაზეც პასუხია გასაცემი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა არის დროული",- ამბობს გოცირიძე.

„ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუ მღებრიშვილს არგუმენტები გააჩნია, მაშინ საპარლამენტო ფორმატში უნდა წარადგინოს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი მას შემდგ, რაც მინისტრია, არასდროს არ ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში, ძალიან ბევრ უმწვავეს საკითხზე პასუხების გასაცემად და რა თქმა უნდა, თუ აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარმოადგინოს," - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ქუჩაზე პატრული ახლგაზრდა მამაკაცს აკავებდა, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×