(რეზონანსი) თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამარჯვებულად გამოაცხადა, თიანეთის მერიაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
"გადავხედავ სიტუაციას. არ ვამბობ იმას, რომ ყველას შევცვლი, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება. მისახედია განათლება, სკოლამდელი აღზრდა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი დაქცეულია, მაგრამ თუ რამეს სჭირდება ცვლილება, რა თქმა უნდა სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობას", - ამბობს მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
არჩევნებში მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც ოთხმა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თიანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთი ხმის უპირატესობით თამაზ მეჭიაური იგებს.