(რეზონანსი) სახალხო დამცველის აზრით, ის ფაქტი, რომ პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მომენტს სამი ვიდეოკამერიდან არც ერთი არ ასახავს, არ ეხმარება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და მათ შორის, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ფაქტს ეხება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას ოპერატიულად და ეფექტიანად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება
სახალხო დამცველი ასევე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის მიერ ფიზიკურ პირთან კომუნიკაციის დროს სამხრე ვიდეოკამერის გამოყენებით გაკეთდეს სრული ვიდეოჩანაწერები.
შეგახსენებთ,საქართველოს პროკურატურის 29 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის კამერებსა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერაში ინციდენტის შესახებ ჩანაწერები არ აღმოჩნდა ვინაიდან, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა პ.პ.-ს გარდაცვალების მომენტში დროებით გამორთული იყო, მეორე პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერა დასამუხტად ინახებოდა ავტომანქანაში, ხოლო ავტომანქანაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა არ ფარავს პ.პ.-ს დაკავების ტერიტორიას.