(რეზონანსი) მუდმივად ხდება, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში, - ამის შესახებ საქართველო პეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიზანი არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაა.
"მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც. ამის მაგალითია ეროვნული ბანკი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს, ხოლო შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის მიზანი არის არა კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა", - განაცხადა აბაშიშვილმა.
საქმე ეხება საქართველოს კონსტუტიციაში ცვლილებების შეტანას. ესენია საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის დაშვება, "ბონუსების" სისტემის გაუქმება, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები არჩევნებთან დაკავშირებით.