(რეზონანსი) იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს. ამის შესახებ ცნობილი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს. კერძოდ, პირი თანხის გატანას შეძლებს შემდეგ შემთხვევებში: თუ შრომის უნარს დაკარგავს, ასევე საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდება.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს.
თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, შენატანი განახორციელოს. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული - საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება. შესაბამისად, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად გააუმჯობესებს მისი სოციალური უზრუნველყოფის დონეს საპენსიო ასაკში.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი - მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიების შესახებ" არ გულისხმობს არსებული საბაზისო პენსიის გაუქმებას. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით მოხდება.
საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა.