(რეზონანსი) საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტები NATO-სა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტების მოსამზადებლად კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს. მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო - ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა მადლობა გადაუხადა.
მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
საქართველოს პრეზიდენტმა პირადად კალიულაიდის მიმართ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ადვოკატირებისათვის და საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისათვის განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი კალიულაიდი, ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს აქტიურად აყენებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ესტონეთს საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას.
შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ კონტექსტში 2018 წელს ნატო-ს სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური პროგრესის დემონსტრირებისათვის.
მხარეები შეხვედრაზე 2018 წელს ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კონკრეტული ნაბიჯების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ამჟამად საქართველო ჩართულია სამშვიდობო სხვადასხვა მისიებში.
მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს მაღალი დონის შეხვედრებს, რადგან ეს აშკარად საქართველოს ევროატლანტიკური პროცესისადმი ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას აჩვენებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება.