(რეზონანსი) კლინიკა "ლანცეტის" დირექტორი ფარმან ჯეირანლი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, იმის მიუხედავად, რომ ჯეირანლის სისხლის სამართლის ბრალდების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც ადვოკატები ამბობენ, ზეწოლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან მთავარი მოწმეები პროცესზე უკვე დაიკითხნენ.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ აქცენტი იმ გარემოებაზე გააკეთა, რომ აზერბაიჯანში ჯეირანლი პოლიტიკური დევნილია, ამიტომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს.
პროკურატურა კი აცხადებდა, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა მყარია და მას საზღვარგარეთ კავშირები აქვს.
მოსამართლე მაია ქოქიაშვილმა პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს კლინიკა "ლანცეტში" ორი ოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად გიორგი ჩუბინიძე და კარლო კეკელიძე გარდაიცვალნენ.
2017 წლის 22 მაისს კი, სამართალდამცავებმა, პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდებით, კლინიკის დირექტორი დააკავეს.
გამოძიება სსკ-ს 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.