(რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება.
როგორც ბაქრაძემ განაცხადა, პენსიის გაზრდა მთავრობის ნებაა და ამისთვის ბიუჯეტში საკმარისი რესურსია.
"ეს არის ბიუჯეტი, რომელიც სოფლის მოსახლეობას არ ეხმარება, რადგან ფაროსანათი მიყენებული ზარალის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გაზრდილი ფასებისგან და უმუშევრობისგან ვერ დაგვიცავს, რადგან გადასახადების კლება გათვალისწინებული არ არის. პრაქტიკულად, ბიუჯეტი დაბალანსებულია ორმილიარდიანი შიდა და გარე ვალით, რომელსაც საქართველო ორი წლის განმავლობაში აიღებს. აქედან გამომდინარე, ამ ბიუჯეტს უმცირესობის მხარდაჭერა ვერ ექნება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტით პენსია არ იზრდება და სოციალური დახმარება არ მატულობს.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს.