რეზონანსი
03.11.2017

 (რეზონანსი) დაღესტნელმა სამოქალაქო აქტივისტმა, მიკაილ კადიევმა დღეს „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის მისი ექსტრადირების შემთხვევაში მას სიკვდილი ემუქრება.

კადიევი ქართველი ხალხისგან თანადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ მას გააჩნია ყველა მტკიცებულება, რომელიც მის უდანაშაულობას ადასტურებს.

„მივმართავ ქართველ ხალხს, რადგან მე აქ უკვე ყველა ინსტანციის იმედი დავკარგე. ჩემს გაგზავნას და რუსეთში დაპატიმრებას აპირებენ, მაგრამ მე მტკიცებულებები გამაჩნია, რომ უდანაშაულო ვარ. რუსეთის ციხეში სიკვდილი მელოდება", - ამბობს კადიევი.

კადიევის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, მათი პოლიტიკური ძალა კადიევის რუსეთისთვის გადაცემას დაუშვებლად მიიჩნევს. წიკლაური საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კადიევი რუსეთს არ გადასცენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დევნილთა სამინისტომ და სააპელაციო სასამართლომ კადიევს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი 30 ოქტომბერს უთხრა.

რუსეთის პროკურატურა კადიევს მკვლელობაში ადანაშაულებს, რომელიც 2009 წელს მოხდა. თუმცა, ბრალდებული აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

2013 წელს კადიევი საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. თუმცა, ტერორიზმის ნაწილში ბრალი მალევე მოუხსნეს. სასამართლომ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×