(რეზონანსი) ნუცუბიძეზე მომხდარი ფაქტის თვითმხილველი ნოდარ შანიძე პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაკითხეს.
შანიძის ადვოკატის მალხაზ ღურცკაიას განმარტებით, გამოკითხვა შეეხებოდა არა პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტს, არამედ მომხდარ კონფლიქტს, რომელიც მისი დაცვი ქვეშ მყოფს და „აბსოლიტურად სხვა მეზობელს" შეეხებოდა.
„დღევანდელი დაკითხვა, პაატა პავლიაშილის გარდაცვალების საკითხს საერთოდ არ ეხებოდა. ეს ეხებოდა საკითხს, როდესაც ჩემის დაცვის ქვეშ მყოფს და აბსოლიტურად სხვა მეზობელთან კონფლიქტი მოუვიდა. შესაბამისად, ამ სკითხებზე იყო კონკრეტული შეკითხვები", - ამბობს ადვოკატი.
ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, თუ საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, პავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შანიძემ განმარტა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტებზე 25 ოქტომბერს, ინციდენტის დღეს გაიგო, თუმცა მანამდე ჰქონდა ინფორმაცია რომ პავლიაშვილი წამლებს იღებდა.
„მე სიტყვა „ფსიქოტროპული" 25 ოქტომერს გავიგე, რას გადაეკიდეთ ამ წამლებს, ხანდახან მეც ვსვამ წამლებს-ხოლმე. როდესაც შსს-ს მივეცი ინტერვიუ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ისინი მეკითხებოდნენ, შემდეგ ჩართავდნენ კამერას, შემდეგ ვპასუხობდი. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე მათ მკითხეს, ეს მე კი არ მომიგონია, მათი მხრიდან წამოვიდა საუბარი, იღებდა თუ არა მედიკამენტებსო და მე ვუთხარი კი-მეთქი", - განაცხადა შანიძემ.
შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის მამაკაცი პაატა პავლიაშვილი, იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ.