(რეზონანსი) ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის რეგიონის ყოფილი პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის და მისი კაბინეტის 4 წევრის (სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, კულტურის, განათლების მინისტრების) დაპატიმრების ორდერი გასცა. კატალონიის ხელისუფლების ყოფილ ლიდერებს ამბოხის მოწყობა, ხელისუფლებისადმი დამოუმორჩილებლობა და სახელმწიფო სახსრების გაფლაგვა ბრალდებათ.
ამჟამად პუჩდემონი და 4 ყოფილი მინისტრი ბელგიაში იმყოფებიან. ესპანეთის პროკურატურა პუჩდემონზე შიდა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს. ე.წ. ევროპული ორდერი ესპანეთის ეროვნულმა სასამართლო კოლეგიამ ოფიციალურ ბრიუსელს უკვე გადაუგზავნა. ბელგიის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონის და მისი 4 მინისტრის დაკავების ორდერი უნდა შეისწავლოს, კანონმდებლობის თანახმად, ბელგიას პუჩდემონის და მისი გარემოცვის წევრების დაპატიმრების შემდეგ ექსტრადირებისთვის 60-დღიანი ვადა აქვს.
ქვეყანას ე.წ ევროპულ ორდერზე უარის თქმის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ექსტრადიცია ეჭვმიტანილის უფლებების დარღვევას გამოიწვევს. ექსტრადიციის მოთხოვნის უარყოფის მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე რელიგიური, რასობრივი, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია. ასევე ორდერის შეუსრულებლობის საბაბად შეიძლება გამოყენებული იქნეს იმის საფრთხე, რომ ეჭვმიტანილი იმ ქვეყანაში, რომელშიც მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებს.
შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის ხელისუფლების 8 წევრი დააკავა , მათ შორის ვიცეპრემიერი ურეოლა ჟუნკეროსიც.