(რეზონანსი)ვლადიმერ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი რუსული სახელმწიფო კომპანია ჯარედ კუშნერის ბიზნესპარტნიორის საშუალებით Facebook-სა და Twitter-ს აფინანსებდა - ამის შესახებ "გარდიანი" გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და თეთრ სახლში უფროსი მრჩევლია.
გარდიანის ცნობით, ინვესტიციები განხორციელდა რუსი მაგნატის, იური მილნერის საშუალებით, რომელიც ფლობს წილს კომპანიაში, რომლის თანამფლობელი ჯარედ კუშნერია. დაფინანსების წყაროები კი რუსული სახელმწიფო კომპანიები - VTB და გაზპრომი იყვნენ.
გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, 2011 წელს რუსულმა VTB-მ 191 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა Twitter-ში, დაახლოებით იმავე პერიოდში კი გაზპრომმა დააფინანსა ოფშორული კომპანია, რომელმაც, თავის მხრივ, დააფინანსა საინვესტიციო კომპანია რომელიც 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით Facebook-ის აქციებს ფლობს.
როგორც "გარდიანი" წერს, ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, აღძრავს შეშფოთებას აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთის გავლენებზე და იმ როლზე, რაც სოციალურმა მედიამ 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ითამაშა. ასევე, აჩენს შეკითხვებს სოციალური მედიის კომპანიებისა და კუშნერის მისამართით.
ინვესტიციების შესახებ დეტალურად Paradise Papers-ში არის საუბარი. ეს არის მილიონობით გაჟონილი დოკუმენტი, რომელიც გარდიანმა, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (ICIJ) და სხვა პარტნიორებმა შეისწავლეს.
იური მილნერმა განაცხადა, რომ Facebook-მა და Twitter-მა არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ივესტიციებს მათთან რუსეთის მიერ კონტროლირებული VTB ბანკი და გაზპრომი ახორციელებდა. გარდიანის ცნობითვე, კუშნერის სპიკერმა კომენტარზე უარი განაცხადა.