(რეზონანსი)ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს ბიზნეს-კავშირები აქვს აშშ-ის მიერ ოფიციალურად სანქცირებული რუსი ბიზნესმენების კომპანიასთან. ჟურნალისტთა საგამოძიები ქსელი აცხადებს, რომ ეს საიდუმლო ოფშორული დოკუმენტებია, რომლებმაც გაჟონა.
ჟურნალისტებმა დღეს გამოაქვეყნეს საგამოძიებო სტატიების ახალ სერია,რომელსაც „სამოთხის ქაღალდები" ჰქვია.ამ დოკუმენტების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის ვაჭრობის მდივანს, ვილბურ როსს, ბიზნეს-ინტერესი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ „ნავიგატორ ჰოლდინგთან", რომელიც თავის მხრივ კონტრაქტითაა დაკავშირებული რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „სიბურთან". „ნავიგატორი" „სიბურისთვის" გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
სიბურის ორი მეწილე, გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიქელსონი სანქცირებულია აშშ-ის მიერ.
გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელის ინფორმაციით, ტიმჩენკო პუტინის ძველი მეგობარია. სიბურს მესამე მეწილეც ჰყავს - კირილ შამალოვი- პუტინის ქალიშვილის მეუღლე.
BBC-ის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ზემოხსენებული ცნობა არ უარყვიათ.
აშშ-მ რუსეთს სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა, მოგვიანებით კი ახალი სანქციები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის გამო დაემატა.
ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ როსი არასდროს შეხვედრია „სიბურის" მფლობელებს.
"ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ წარმოშობს შეკითხვებს ტრამპის გუნდის რუსულ კავშირებზე,რომელიც აღნიშნულ ბრალდებებს ყალბს უწოდებს", - წერს BBC.