(რეზონანსი) თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ ზოოპარკისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
კალაძე მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც დღეიდან, დასუფთავებისა და გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.
„დღეს დავათვალიერეთ მიწისქვეშა გადასასვლელები და მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს - ძალიან მძიმე ვითარებაა. აქ არის რამდენიმე მიმართულება. პირველი, რაც მინდა ვთქვა და ვთხოვო „თბილსერვისის" ხელმძღვანელს, დღესვე დავიწყოთ სამუშაოების შესრულება, მორეცხვა, ელექტროგაყვანილობა, განათება, რადგან არაფერი აღარ არსებობს. ყველაფერი, რაც ადრე იყო, დაზიანებულია. შესაბამისად, ეს ყველაფერი მალე უნდა მოვიყვანოთ მწყობრში და მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ კომფორტულად გადაადგილება შეეძლოთ", - განაცხადა კალაძემ.