(რეზონანსი)"ნაციონალური მოძრაობა" გოგა ონიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, პროტესტის ნიშნად, საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, მოსამართლემ "სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო" და პარტიას კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ჰყავს.
"დღეს იმართება საკრებულოს ამ შემადგენლობის ბოლო სხდომა, სადაც უნდა შეგვეჯამებინა მერიის და საკრებულოს მუშაობის ბოლო სამი წელიწადი, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ხარჩილავამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით გავაგრძელოთ დღევანდელი დღე, ამიტომ პროტესტის ნიშნად "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ დაესწრება", - ამბობს ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ონიანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.
გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის დაკავებაც.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.