(რეზონანსი) უხამსი ხუმრობა, სტვენა,ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებული მოთხოვნა შესაძლოა, კანონით დასჯადი გახდეს - სწორედ ამ აკრძალვებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.
შესაბამის პეტიციას ათასი მოქალაქე აწერს ხელს და, მათი ავტორების აზრით, სასწრაფოდ უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები შრომისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
"საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას", - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პარლამენტში წარდგენილი პეტიცია შემდგომი მსჯელობისთვისა გენდერულ საბჭოს გადაუგზავნა.