ეკატერინე ბასილაია
15.11.2017

 ახალი სამთავრობო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, ვისი გუნდის წევრები არიან გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე, ორი ყველაზე საკვანძო და პოლიტიკური ძალაუფლების მატარებელი უწყების, შს და ფინანსთა სამინისტროების ხელმძღვანელები და რამდენად დიდი გავლენა ექნებათ მათ. ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ორივე ეს ფიგურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო კადრია.

უფრი მეტიც, ვარაუდია, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობას დატოვებს, მას კულუარებში პრეზიდენტობის კანდიდატად მოიაზრებენ და მთავრობის მეთაურს ისევ ბიძინა ივანიშვილი შეარჩევს. ეს იქნება ახლად დაწინაურებული პროტეჟეებისგან ყველაზე უფრო სანდო - ან გახარია, ან ბახტაძე.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, ივანიშვილი საკადრო თამაშიდან არასოდეს გასულა, თუმცა ეს ახალი დანიშვნა იმის მიმანიშნებელია, რომ არსებული სისტემა ნაკლებად სანდოდ მიიჩნია ექსპრემიერმა და ამიტომაც ორი ახლობელი და სანდო ადამიანი დანიშნა ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ამით პირდაპირი კონტროლი დაამყარა იმ უწყებებზე, რომლებიც მთავრობაში რეალური ძალის ცენტრია და რომლებითაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფაქტობრივი მართვა ხდება.

"მორიგი საკადრო "ბიძინიადა" ვნახეთ. ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესი, როგორც ჩანს, კვლავ აგრძელებს საკუთარი კადრების განლაგებას ყველაზე მნიშვნელოვან სავარძლებში და ეს ორი მიმართულება, შს მინისტრისა და ფინანსთა მინისტრისა, ის მყარი აუცილებლობის ადგილებია, სადაც ბატონ ბიძინას სურს, რომ მისი ერთი თქმით კეთდებოდეს ყველაფერი და გამეორება არ დასჭირდეს. თავის დროზე ასე იყო ბატონი ღარიბაშვილი შერჩეული ჯერ შს მინისტრად, შემდეგ - პრემიერ-მინისტრად და ახლაც ასეთი რეალობის მოწმენი ვართ. ორჯერ თქმა არ დასჭირდებათ არც შს მინისტრს და არც ფინანსთა მინისტრს," - ამბობს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილმა შემოიყვანა მთავრობაში ჯერ მთელი "ქართუს" კლანი, ახლა კი გამოჩნდა, რომ ისევ მოისურვა მნიშვნელოვანი და საკვანძო თანამდებობები თავისი ერთგული პირებისთვის.

"ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ 2013 წლიდან ჩვენთვის ცნობადი გახდნენ იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ხშირად საუბრობდა "საინტერესო ახალგაზრდებზე", რომლებიც შემძლე არიან და მათ შორის ეს ორი გვარი - ბახტაძე და გახარია ყოველთვის ფიგურირებდა. ესენი ჩვენი კადრებთუხუცესის ფავორიტები იყვნენ, თუმცა მაშინ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ დადგებოდა დრო და ამ სანდო ადამიანების დანიშვნა აუცილებელი აღმოჩნდებოდა," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

ვინ არის ეს ორი ახალი მინისტრი? ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ეს ორივე კადრი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია და მთავრობაში "ქართუს" კლანის ნაცვლად ახლა უკვე უშუალოდ ივანიშვილის საოჯახო კლანი ძლიერდება.

"ევროპული საქართველოს" ლიდერ გიგი უგულავას თქმით, დაწინაურდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნეს იმ პირებმა, რომლებიც ახლო ურთიერთობით გამოირჩევიან ბატონ ივანიშვილთან, მაგალითად, "გახარია არის ივანიშვილის ახლო თანამშრომელი მოსკოვის პერიოდიდან".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია "ეს არის ადამიანი, რომელსაც დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში. საკმაოდ ხელდასმულია რუსეთის ფედერაციის მმართველობისგან და ეს არის ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში".

დეკანოიძის თქმით, ასევე ივანიშვილის ოჯახის ახლობელია მამუკა ბახტაძეც, ის უტა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარია და მიუხედავად იმისა, რომ წინა სამსახურში წარუმატებელი იყო, მისი მმართველობის პირობებში "საქართველოს რკინიგზის" მოგება შემცირდა რამდენჯერმე და 2015 წელს ეს კომპანია წაგებაზე გავიდა, ახლა მინისტრად დანიშნეს იმიტომ, რომ ფინანსური ნაკადი აკონტროლოს და ივანიშვილის დავალება უსიტყვოდ შეასრულოს.

უფრო მეტიც, მამუკა ბახტაძის მიმართ სს-ის საქმის აღძვრას ითხოვს "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. ამ მოთხოვნით მან პროკურატურას უკვე მიმართა. ურუშაძე ამბობს, რომ ბახტაძის მმართველობის დროს, "საქართველოს რკინიგზაში" ადგილი ჰქონდა მონოპოლიასა და კორუფციას. მისი თქმით, გადაზიდვებზე სრული მონოპოლია ჰქონდა რუსულ "როსნეფტსა" და "ლუკოილს", ხოლო ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესები იდგა.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, "საქართველოს რკინიგზის" წარუმატებელი დირექტორი მხოლოდ იმიტომ დანიშნეს მინისტრად, რომ "უსიტყვო შემსრულებელია". ამბობს, რომ ამავე ნიშნითაა შერჩეული შს მინისტრიც, რადგან გიორგი გახარია, მისი თქმით, წარუმატებელი ბიზნესომბუდსმენი იყო.

"არანაირი საიდუმლო არ არის, რომ გახარიას ივანიშვილთან კავშირი აქვს და მისი ახლობელია. ეს გვარი პირადად მე ბატონი ბიძინასგან არაერთხელ მომისმენია, როგორც კარგი და მზარდი კადრი. ამის გარდა, ფაქტია ის, რომ ის იყო სრულიად მიუღებელი ბიზნესომბუდსმენი. რამდენჯერმე ვითხოვე, ეთქვა, რომელი ბიზნესი გადაარჩინა უსამართლობისგან? არც ერთი!" - ამბობს ცისკარიშვილი და პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს დიდი ალბათობაა, ახალი პრემიერ-მინისტრი ვიხილოთ და ის ან ბახტაძე იყოს, ან - გახარია.

"ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ჩვენი კარდებთუხუცესის მიერ და გამორიცხული არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ ორი ახალი მინისტრისგან რომელიმეს მოელოდეს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გადასვლა," - დასძენს ცისკარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×