(რეზონანსი) ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას გამოძიების განახლება დაავალა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
სტუდენტი ირაკლი ხოფერია ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს 4 თანამშრომელს წამებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2017 წლის 16 თებერვალს პოლიციელებმა დანაშაულის აღიარების მიზნით სცემეს.
„ირაკლი ხოფერია სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ,სავარაუდო დანაშაული მას არ დაუმტკიცდა. სხვა პირი გასამართლდა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც შეეხება ხოფერიას, პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
საია-ს ინფორმაციით, ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმეზე ქალაქ თბილისის პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა და მას დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. თუმცა ნაცვლიშვილის განმარტებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაიზიარა საია-ს პოზიცია, გააუქმა თბილისის პროკურორის დადგენილება და ირაკლი ხოფერიას დაზარალებულის სტატუსი აღუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პასუხისგებაში არავინ მიცემულა. საია-მ არაერთხელ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს დროულად ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება.
შეგახსენებთ,რამდენიმე თვის წინ საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა. საია-მ მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე ცალკე გამოძიების დაწყება, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაწყებულა.