იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უჩა ნანუაშვილს ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველს უწოდებს. წულუკიანმა ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოთქმული განცხადების გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშში უკმაყოფილება გამოთქვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საჯარო განცხადებების გამო. წულუკიანს კი მისივე თანაგუნდელი დაუპირისპირდა და უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ შოთა შალელაშვილის შეფასებით, წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.
"მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
"მინდა, მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა", - აღნიშნა დეპუტატმა.
რამდენად სამართლიანი იყო იუსტიციის მინისტრის მიერ სახალხო დამცველზე გამოთქმული მოსაზრება? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "სახალხო დამცველის მთელ საქმიანობას არ ვიცნობ, მაგრამ, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს და გამიგია, მის მოღვაწეობას დადებითად მაინცდამაინც არ შევაფასებდი. ასე რომ, წულუკიანის განცხადებაში სიმართლის რაღაც მარცვალი არის. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, უჩა ნანუაშვილი კი ყურადღებას ამაზე არ ამახვილებს. ხალხის დამცველი უნდა იყოს, მაგრამ ამის არაფერი ეტყობა.
"ასე რომ, ვფიქრობ, ეს არ იყო ის სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენ გვყავდა თუნდაც სოზარ სუბარის სახით."
რეზო მიშველაძე (მწერალი):"თეა წულუკიანს ალბათ ჰქონდა საფუძველი, ნანუაშვილისთვის ეწოდებინა ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი. ამაში ვხედავ წულუკიანის გაბედულებასაც და ჩვენში დასამკვიდრებელი დემოკრატიის ნაპერწკალსაც.
"ზოგადად კი, ვფიქრობ, ძალიან ძნელია, ხელაღებით ჩაერიო სასამართლოს განჩინებაში. ჩვენ გვახასიათებს ბუზის სპილოდ გადაქცევა. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ წულუკიანმა, ძალიან კვილიფიცირებულმა იურისტმა, თავისი აზრი გამოთქვა."
ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი): "აბსოლუტურად სამართლიანი იყო წულუკიანის განცხადება. უჩა ნანუაშვილი არის ამორალური ადამიანი, დამნაშავე, კრიმინალი."
ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): "სხვათა შორის, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, რომ სახალხო დამცველს ასეთ რაღაცას კადრებენ. შეიძლება იმსახურებდეს, მაგრამ საჯაროდ ასეთი განცხადებები არ უნდა ისმოდეს. ამით ხალხს აღიზიანებენ.
"ვფიქრობ, მოსახლეობის საქმე არ არის, წულუკიანი რას ფიქრობს ომბუდსმენზე. თუ საჭიროა, დაიბაროს და ოთახში ისაუბრონ. ისედაც ყველაფერი არეულია, ხალხი გაღიზიანებულია და ესენი კიდევ ამ დაპირისპირებით უფრო აღიზიანებენ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე