"ქართული ოცნების" შიგნით დიდი განხეთქილებაა. უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი სახალხო დამცველის მხარდაჭერისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კრიტიკის გამო მთელი გუნდის მხრიდან დიდი საჯარო გაკიცხვის ობიექტი გახდა. უფრო კონკრეტულად კი, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუმართლებელი უწოდა და "ოცნებაში" დიდი აურზაური სწორედ მის ამ ერთ კრიტიკულ შეფასებას მოჰყვა.
შალელაშვილმა "არაკორექტულობის", "უპასუხისმგებლობისა" და "გუნდური პრინციპების დარღვევის" გამო საჯარო საყვედური მიიღო უმრავლესობის ლიდერისგან, ჯანდაცვის მინისტრისგან, კულტურის მინისტრისგან. თავად ადრესატმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი ბრალდებას ბრალდებითვე უპასუხა და განაცხადა, რომ შალელაშვილი ერთადერთი დეპუტატია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა ხელფასს მაინც იღებს.
"ეს არის 150-პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ყველა დეპუტატს, მართლაც მისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, ვუსურვებ ნაყოფიერ სამუშაოს იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი ავირჩიოთ და ის იყოს პასუხისმგებლიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება," - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთანავე, იგი უჩა ნანუაშვილს პოლიტიკურ დებატში იწვევს.
"რაც შეეხება ბატონი უჩას საქმიანობას, მე მისი შეფასება გუშინდელი 17-წლიანი პროფესიული დაკვირვების შედეგის საჯაროდ განცხადებით არ დამისრულებია. ამ საქმიანობას კიდევ შევაფასებ, მანამ ის არის ომბუდსმენი და მერე, როცა აღარ იქნება ომბუდსმენი და თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის ომბუდსმენობას შეწყვეტს, მზად ვარ, მასთან საჯარო პოლიტიკური დებატიც გავმართო," - აღნიშნა წულუკიანმა.
აყველაფერი იმით დაიწყო, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ "უჩა ნანუაშვილი პირველი უსამართლო ომბუდსმენია". მის ამ განცხადებას ნანუაშვილმა უპასუხა იმით, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას და მის იმიჯს აზიანებს.
მოგვიანებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა დაწერა, რომ ის წულუკიანის შეფასებას ემიჯნება, ნანუაშვილის საქმიანობაზე არც ერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები და მინისტრის განცხადება უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია.
"მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია "ქართული ოცნების" არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის, განცხადება სახალხო დამცველის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით," - წერს შალელაშვილი.
ამ შეფასებას მოჰყვა მისი საჯარო კრიტიკაც. დეპუტატმა საჯარო საყვედური ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერისგან მიიღო. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შალელაშვილის კრიტიკა "არაკორექტულია".
"ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ..." - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტარი ალექსანდრე ქანთარია ამბობს, რომ როგორც წულუკიანის, ისე შალელაშვილის შეფასებები მეტ-ნაკლებად გადაჭარბებულია, თუმცა დეპუტატს კრიტიკა საჯაროდ არ უნდა გამოეხატა.
"როდესაც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი უკიდურესი პოზიციის გამოხატვა ხდება, ეს დადებითი მოვლენა არ არის. შეიძლებოდა უფრო სხვა ფორმატში გამოეხატა კრიტიკა, რომ თქვენი (ჟურნალისტების) ყურადღება არ მიეპყრო. ამის გამო კრება არ მოწვეულა, თუმცა ყველამ გამოთქვა თავისი აზრი, არჩილ თალაკვაძემაც და სხვებმაც," - ამბობს ქანთარია.
დადის თუ არა შალელაშვილი პარლამენტში, ამაზე პასუხი ქანთარიას არ აქვს.
ეკა ბესელიამ უარი გვითხრა ამ თემაზე კომენტარზე. თქვა მხოლოდ ის, რომ "ოცნებაში" არანაირი განხეთქილება არ არსებობს და მხოლოდ "გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა".
"არ ვაპირებ საუბარს იმაზე, ვინ რას და რატომ ლაპარაკობს. განცხადებების სისწორეს არ ვაფასებ. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება," - აღნიშნავს ბესელია.
ამ საერთო გაკიცხვაში მინისტრებიც ჩაერთვნენ. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წულუკიანის შეფასებას უერთდება. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, არც სახალხო დამცველს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს და გააკრიტიკოს, "ეს, უბრალოდ, მიუღებელია".
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ წულუკიანი ყოველთვის ზუსტად აფასებს მოვლენებს და არ ცდილობს, ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას, შალელაშვილის მხრიდან მინისტრის კრიტიკა კი "მიუღებელია გუნდურობის პრინციპებიდან გამომდინარე".
"ასეთი განცხადება უმრავლესობის წევრისგან სრულიად გაუგებარია, მსგავსი საკითხები ისევ და ისევ გუნდის შიგნით უნდა იყოს მსჯელობის საგანი, გუნდურობის პრინციპებიდან გამომდინარე. ასეთი საჯარო განცხადება, რომელზეც გუნდში, ასე ვთქვათ, მსჯელობა არ ყოფილა, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა გიორგაძემ.