ქართულ-რუსული მოლაპარაკების 6-წლიანი ეპოპეა დასასრულს უახლოვდება
თიკო ოსმანოვა
18.11.2017

 საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიელებმა, შესაძლოა, წლის ბოლოდან განახორციელონ და 6 წლის შემდეგ საბოლოოდ მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა. ყოველ შემთხვევაში, ქართულ მხარეს ამის მოლოდინი აქვს. ამ საკითხზე უფრო მეტი დეტალი კი თვის ბოლოს შვეიცარიაში გაირკვევა, სადაც სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების იმპლემენტაცია და მეზობელ ქვეყანასთან უვიზოდ მიმოსვლა - იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე პრაღაში 16 ნოემბერს დაისვა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმებით, მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლები უნდა განთავსდნენ, რომლებიც საზღვარზე ტვირთის მოძრაობას დააკვირდებიან. პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებოდნენ. როგორც 16 ნოემბერს პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ "რეზონანსს" აბაშიძემ უთხრა, ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება სამმხრივი შეხვედრა, სადაც ხელშეკრულების ბოლო დეტალებზე იმსჯელებენ და იმედოვნებს, რომ უკვე დეკემბერში კონტრაქტიც დაიდება, არ გაჭიანურდება.

"ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც განიხილება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალები, ნიუანსები, რაც ჯერ შეთანხმებული არ არის და ამის შემდეგ ხელი მოეწერება კონტრაქტს", - გვითხრა აბაშიძემ."რეზონანსის" კითხვაზე, წლის ბოლომდე მოხერხდება თუ არა საბოლოოდ კონტრაქტის გაფორმება წარმოდგენილ სამ მხარესთან, აბაშიძე გვპასუხობს, რომ ამის იმედი უნდა გვქონდეს.

ვინ დაესწრება შვეიცარიაში ამ შეხვედრას საქართველოს მხრიდან, ჯერჯერობით უცნობია. ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ იძლევიან.

"ევროპული საქართველოს" წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძისთვის კი გაუგებარია, რამდენიმე პატარა ნიუანსს რატომ მოანდომეს ამდენი წელი. მისთვის ისიც გაურკვეველია, რა დეტალებზე შეიძლება იმსჯელონ შვეიცარიაში.

"რა დეტალებზე ექნებათ საუბარი, ნამდვილად არ ვიცი. მათი უმრავლესობა ძალიან დიდი ხნის წინ იყო შეთანხმებული. ახლა რა დარჩა და რის გამო გაიწელა ამდენ ხანს, არ ვიცი. მე მგონი, ეს დეტალები არ არის და პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ამიტომ დაველოდები და ვნახავ, რეალურად რას იზამენ.

"წარსულის გათვალისწინებით, პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. იქ არაფერი არ იყო დარჩენილი, რომ 5 წელი მონდომებოდა ამ ამბავს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმიზმით ვარ სავსე. ამ კონტრაქტის დეტალები წინა ხელისუფლების დროს იყო შეთანხმებული. ასე ვთქვათ, მანდატის არსი, ყველაფერი შეთანხმებული იყო, უბრალოდ, იურიდიულად უნდა გაფორმებულიყო. ამ ყველაფერს რამდენიმე კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა. ამიტომ ჩემთვის გაურკვეველია, რა დარჩა ისეთი, ამდენი ხანი რომ ვერ დაიდო კონტრაქტი, ან რაზეა საუბარი", - უთხრა "რეზონანსს" კაპანაძემ.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების საკითხს, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობა და უსაფრთხოების არარსებობა უშლის ხელს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ექსპერტების განხილვის საგანია.

"საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას ხელს უშლის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის უქონლობა, რომელიც თბილისმა 2008 წელს ცალმხრივად გაწყვიტა, არამედ ამ საკითხში დიდ როლს თამაშობს ასევე ამ რეგიონში უსაფრთხოების არარსებობა. საქართველოსთან ახლოს ხდება სამხედრო კონფლიქტები, ამ გზით რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შეღწევის მცდელობა. ამიტომ ეს სიტუაცია სერიოზული განხილვის და ექსპერტების ანალიზის საგანია", - განაცხადა კარასინმა.

რუსეთი ბოლოს და ბოლოს ვიზებს გააუქმებს თუ არა, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცის აბაშიძემ. იგი ამბობს, რომ ეს რუსეთის საქმეა, რუსეთის მოქალაქეებს კი საქართველომ სავიზო რეჟიმი წლების წინ გაუუქმა.

"შეხვედრაზე კარასინმა მითხრა, ამ საკითხზე ვმუშაობთო, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×