(რეზონანსი) სირიაში, 2017 წლის აპრილში განხორციელებული ქიმიური თავდასხმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიების მხარდამჭერ რეზოლუციაზე რუსეთის მიერ ვეტოს დადებას მწვავე შეფასებები მოჰყვა თეთრი სახლის მხრიდან.
„გამოძიების მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადებით რუსეთმა მკაფიო სიგნალი გააგზავნა, რომ ის არ აფასებს ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა სიცოცხლეს ან პატივს არ სცემს ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს."- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ვაშინგტონის განცხადებით, რუსეთის უარის მიუხედავად ისინი მაინც მოახერხებენ რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს .
სიარიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ეს რუსეთის მეორე ვეტოა, პირველად გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ამ საკითხზე ვეტოს უფლება 24 ოქტომბერს გამოიყენა.
2017 წლის 4 აპრილს სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ზარინი გამოიყენეს. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ქიმიური თავდასხმა, რომელსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, სირიის მთავრობამ განახორციელა.