(რეზონანსი) სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბრძანებით, სერგეი მინასიანი რუმინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. დოკუმენტი 17 ნოემბერს , სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
სომხურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია , რომ ერევანმა საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობაზე მინასიანი წარადგინა, თუმცა, ქართულმა მხარემ რამდენიმე თვის განმავლობაში არ მისცა მას ახალი ელჩის დანიშვნაზე მიმღები სახელმწიფოს თანხმობა - აგრიმანი, რის შემდეგაც სომხებმა ის გაიწვიეს და საქართველოს ელჩად ახალი კანდიდატურა წარადგინეს.
კავკასიის ინსტიტუტი, სადაც მინასიანი დირექტორის მოადგილედ და პოლიტიკური სწავლების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა, დაფინანსებულია დასავლური ფონდებიდან.
ქართულ და სომხულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მინასიანის კანდიდატურის დაწუნების მთავარი მიზეზი, შესაძლოა, მისი პრორუსული შეხედულებები იყოს.