(რეზონანსი) თბილისის საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქუჩაზე ხე-მცენარეების ფესვების გარშემო ასფალტის საფარის დაგებას მოსახლეობა აპროტესტებს. მაცხოვრებლები ეჭვს გამოთქვამენ, რომ დედაქალაქის მთავრობას ხეების მოჭრა აქვს გადაწყვეტილი და ისინი ასფალტის საფარში შეგნებულად მოაქციეს.
როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აღნიშნეს, ტერიტორიაზე ავტომობილების საპარკინგე "ჯიბის" მოწყობა მიმდინარეობს, გზის საფარის დაგებისას ასფალტი ხის ფესვებსაც შეეხო, თუმცა, მოგვიანებით ხის ფესვები ასფალტის ზედმეტი საფარისგან გაიწმინდება და ფესვების გარშემო თავისუფალი ადგილი ბორდიურით შეიღობება.
მათივე ინფორმაციით, კოსტავას ქუჩის ამ ნაწილში ავტომობილებს პირდაპირ ტროტუარზე აპარკინგებენ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეითების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, „ჯიბე" ტროტუარისგან ბორდიურით გაიმიჯნება და ადამიანების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცული იქნება.