(რეზონანსი) თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ვითარებას ადგილზე გაეცნო.
კალაძე კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა.
თბილისის ახლად არჩეულმა მერმა რამდენიმე დღის წინ "თბილსერვის ჯგუფს" ქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება დაავალა, რომლის მიხედვითაც საერთო კონცეფცია უნდა შემუშავდეს, ხოლო კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებები გაიმართოს.
დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი" 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს, რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.
გუშინ, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო.