მოქმედი "პრეზიდენტი" და თავის დროზე მის მიერვე დამხობილი "ექსპრეზიდენტი" 2019 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებისათვის" ძალებს აერთიანებენ
თიკო ოსმანოვა
20.11.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციასა და დე ფაქტო პრეზიდენტს შორის ურთიერთობის დათბობა დაიწყო. წლების წინ მტრად ქცეული ალექსანდრე ანქვაბი და რაულ ხაჯიმბა დღეს გვერდიგვერდ დგანან და 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთად ემზადებიან. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთში ამაზე ღიად საუბრობენ, რისი საფუძველიც გარკვეულწილად ანქვაბის ერთ-ერთმა ინტერვიუმაც მისცა.

"მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს შორის კონსენსუსი მთელ საზოგადოებაში თანხმობის მიღწევას არ ნიშნავს. ყველასათვის ჭკვიანური და სასარგებლო იქნება, თუკი ოპოზიცია და პროსამთავრობო ძალები ასევე შეთანხმებას მიაღწევენ", - განაცხადა "აფხაზია-იფორმთან" ინტერვიუში ანქვაბმა.

მისი აზრით, წარმატების შემთხვევაში კონსენსუსი "არა წარმოსახვითი, არამედ რეალური პოლიტიკური კულტურის განვითარების დასწყისი გახდებოდა".

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერვიუმდე რამდენიმე დღით ადრე ხაჯიმბასა და ანქვაბს შორის შეხვედრა შედგა და, როგორც კულუარებში ამბობენ, საკმაოდ წარმატებულადაც დასრულებულა.

"საუბარია არა იმაზე, რომ სიმშვიდე და სტაბილურობა დროის გარკვეულ მონაკვეთში შენარჩუნდეს. მე იმას ვამბობ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენი საზოგადოების მუდმივ მახასიათებელ ნიშნად იქცეს", - ამბობს ანქვაბი.

მისივე თქმით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური ნება და საკანონმდებლო პაკეტი არ ეყოფა.

"თუ სახსრები არის, სერიოზული რეფორმები იქნება. თუ არ იქნება სახსრები, მხოლოდ ცარიელი სიტყვები დარჩება", - აღნიშნა ყოფილმა "პრეზიდენტმა".

ცნობისთვის, 2014 წელს ოპოზიციის რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა, "პრეზიდენტ" ანქვაბის მოსკოვში გაქცევითა და გადადგომით დასრულდა. ამის შემდეგ "პრეზიდენტი" ხაჯიმბა გახდა, ანქვაბმა კი ოპოზიციაში გადაინაცვლა და საინიციატივო ჯგუფთან ერთად ვადამდელი "საპრეზიდენტო არჩევნების" ჩატარებას აქტიურად ითხოვდა. დღეს კი სრულიად მოულოდნელად დაპირისპირებული მხარეები ერთად აღმოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებზე" ანქვაბი კენჭს ვეღარ იყრის - სეპარატისტთა კანონებით, ამის უფლება მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეს აქვს, მას კი 65 უკვე ამ წლის დეკემბერში უსრულდება.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე ამ გაერთიანებას ტაქტიკურ ალიანსად მიიჩნევს.

"ჯერჯერობით ეს მოჩანს ტაქტიკურ ალიანსად, იმისათვის, რომ ანქვაბი დაბრუნდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს. ხაჯიმბასთვის მომავალი "საპრეზიდენტო არჩევნები" არის წინასწარი დამარცხების წინაპირობა. ხოლო თუ მან "არჩევნებში" წარმატებას მიაღწია, იქნება იმის ხარჯზე, რომ მას ეს მოაპოვებინეს, რადგან ვერაფრით ვერ დაალაგა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

"აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს არის ხაჯიმბას ტაქტიკური ინიციატივა, რადგან ამით იშორებს უმნიშვნელოვანეს კონკურენტს. მიუხედავად იმისა, რომ ანქვაბს არ აქვს უფლება, "პრეზიდენტობის" კანდიდატად წამოაყენოს თავი ასაკის გამო, მას შეუძლია, ისეთ ძლიერ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რომელიც უკან ჩამოიტოვებს ხაჯიმბას. ასე რომ, ეს ალიანსი შეიქმნა იმისთვის, რათა "არჩევნებში" ხაჯიმბამ გაიმარჯვოს. ანქვაბი კი, არ არის გამორიცხული, რომ "პრემიერის" რანგში ვიხილოთ", - უთხრა "მთელ კვირას" არეშიძემ.

მისივე თქმით, ეს არის შიდა აფხაზური საკითხი და ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე.

"ეს მდგომარეობა რუსულ-აფხაზურ ურთიერთობაში არაფერს შეცვლის. დღეს რუსეთს აფხაზეთი დისტანციაზე ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ეხმარება და მუდმივად გაისმის მეგობრობისა და მხარდაჭერის სიტყვები.

"ერთია დეკლარაციები და მეორეა, რა დამოკიდებულება აქვთ სინამდვილეში. მოსკოვში აღიზიანებთ აფხაზეთის მუდმივი უარი რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით მისაღები კანონი, რომელსაც აფხაზები არ იღებენ და რუსეთს, როგორც მეწველ ძროხას, ისე იყენებენ. ასე რომ, მათ შორის გარკვეული დისტანცია და კულუარული კონფრონტაცია არსებობს.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფხაზები რუსებთან მიმართებით გააგრძელებენ იმავე გზას, იმიტომ, რომ ანქვაბი ზუსტად ის პიროვნებაა, ვინც თავის დროზე არაფრით არ დაუთმო მოსკოვს მიწასთან დაკავშირებული საკითხი. როგორც ჩანს, მათი ალიანსის ერთ-ერთი პირობა ესეც იყო, რომ არ უნდა დათმოს, თორემ ისე არ დაუკავშირდებოდა ხაჯიმბას. ასე რომ, ეს შიდა აფხაზური თემაა და რუსეთთან დამოკიდებულებაში არაფერი შეიცვლება. შესაბამისად, ამით არც საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობაში შეიცვლება რამე", - გვითხრა არეშიძემ.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრ ლევან კიკნაძის აზრით კი, შესაძლოა, ანქვაბს ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულეს. ამიტომ 2019 წელს ანქვაბი და ხაჯიმბა ისევ სხვადასხვა მხარეს იდგებიან.

"აფხაზეთში პოლიტიკური სპექტრი, ისევე, როგორც საზოგადოება, ორადაა გაყოფილი იმდენად, რამდენადაც ანქვაბს ჰყავს მხარდამჭერები. შესაბამისად, მისი დაპირისპირება ხაჯიმბასთან და იქ გადასვლა ხელს უწყობს თვითონ "მმართველ ძალას". შეიძლება აიძულეს კიდეც. არ გამოვრიცხავ, რომ ძალით გადაადგმევინეს ეს ნაბიჯი. მაგრამ ეს შერიგება არ ნიშნავს, რომ ანქვაბმა თავისი პრინციპული პოზიცია დათმოს, უკან დაიხიოს და ხაჯიმბას მხარეს გადავიდეს. უბრალოდ, ეს შეიძლება იყოს იმისთვის, რომ პოლარიზაცია აღმოიფხვრას.

"იქ კლანური მმართველობაა, ანქვაბი კი ძალიან ძლიერი კლანის წარმომადგენელია. ხაჯიმბას ასეთი ძალა არ აქვს, მას მხარს უჭერს რუსული მხარე. აფხაზეთში არ მეგულება პოლიტიკოსი, რომელსაც მასზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდეს და შეიძლება ანქვაბმა ამით რუსეთს კოჭი გაუგორა კიდეც", - უთხრა "მთელ კვირას" კიკნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×