"საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს სახალხო დამცველი აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. რატომღაც ისე აღიქმება, რომ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, ე.ი. შეკრული ხარ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისი მიზნები გამოძრავებს. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ომბუდსმენის ფუნქცია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა და არა ვინმეს პოლიტიკის გატარება", - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წულუკიანი-შალელაშვილის დაპირისპირება არ ნიშნავს, რომ სამთავრობო გუნდში განხეთქილებაა, თუმცა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლებას ვერავინ უნდა უზღუდავდეს.
რაც შეეხება დედაქალაქის მერიაში მიმდინარე პროცესებს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ დაახლოებით ერთ-ორი თვეში გვეცოდინება, რამდენად წარმატებული მერი იქნება კახა კალაძე.
ნიკა ჩიტაძე: უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება კახა კალაძე მერის თანამდებობაზე. როგორც თავად აცხადებს, მას აქვს თბილისის განვითარების კონკრეტული ოთხპუნქტიანი გეგმა და, რა თქმა უნდა, კალაძეს, ისევე როგორც მთლიანად "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ პარტიას, საზოგადოებამ პერიოდულად უნდა შეახსენოს საკუთარი დაპირებები.
რაც შეეხება კალაძის კონკრეტულ გეგმებს, თუ განხორციელდება, რა თქმა უნდა, კარგია და ყველა მხარს დაუჭერს. მაგალითად, თუ მერიის ბიუჯეტი მართლა 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ვინ იქნება ამის წინააღმდეგი?! მით უმეტეს, რომ თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 25%-ზე მეტი (საუბარია რეგისტრირებულ მოსახლეობაზე, სინამდვილეში გაცილებით მეტია). ამიტომ არავინ იქნება წინააღმდეგი, დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს და შემოვლითი რკინიგზის პროექტიც განხორციელდეს. თუ დედაქალაქის დღევანდელი მერი გეგმავს მისი მშენებლობის გაგრძელებას, მე მხოლოდ მივესალმები.
თუმცა, ბუნებრივია, ქალაქის განვითარება დამოკიდებულია არა მხოლოდ კალაძეზე, არამედ მის გუნდზე. სადღაც ერთი-ორი თვის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი მერია ბატონი კალაძე.
"მთელი კვირა": დედაქალაქის ახალი მთავრობა რამდენად კარგი გუნდი იქნება კალაძისთვის და შეძლებს თუ არა ეს შემადგენლობა დედაქალაქში სასიკეთო ცვლილებებს?
ნ.ჩ.: საკრებულოს უმრავლესობას "ქართული ოცნება" ფლობს და ლოგიკურია, რომ ახალ მთავრობას ის დაამტკიცებდა კიდეც. თუმცა დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაზე თბილისის საკრებულომაც უნდა აგოს პასუხი. ამასთან, თბილისის ახალ მთავრობაში არის რამდენიმე სკანდალური პიროვნება, რომელთა დანიშვნაც საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
"მ.კ.": ერთ-ერთი თბილისის უსაფრთხოების სამსახურის უფროსია. როგორ ფიქრობთ, მისი გამონათქვამების გამო ჭონქაძის თანამდებობისთვის შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?
ნ.ჩ.: არის გარკვეული ბრალდებები მის მოსაზრებებთან და მოწოდებებთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეისწავლონ იმიტომ, რომ კალაძე არ არის ერთადერთი, ვისაც თბილისის მართვაზე პასუხისმგებლობა აკისრია, არიან სხვა ადამიანებიც, ვიცე-მერები, მთავრობის წარმომადგენლები თუ საკრებულო. აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლებას ჭონქაძესთან დაკავშირებით კითხვების გაფანტვა სურს, მან, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ ამ პიროვნების მთავარი მიზანი დედაქალაქის განვითარებაა.
გარდა ამისა, ხელისუფლებაში მოხდა გარკვეული საკადრო ცლილება, მაგრამ რამდენად შეიცვლება თვითონ მართვის სისტემა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ნარმანიას დროს ბევრი უკმაყოფილება იყო, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან გაიზარდა თბილისის მერიის აპარატი. ლონდონის მოსახლეობა 10-ჯერ აღემატება თბილისისას და ლონდონის მერიაში 850-მდე ადამიანია დასაქმებული, თბილისის მერიაში კი - 1000-ზე მეტი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ კითხვები ახლაც ჩნდება, რამდენად მოხდება საკადრო ოპტიმიზაცია და კვალიფიციური კადრებით თბილისის მერიის დაკომპლექტება.
"მ.კ.": რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება იყო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და უმრავლესობის დეპუტატ შოთა შალელაშვილს შორის. როგორ ფიქრობთ, "ქართულ ოცნებაში" შიდა განხეთქილებაა?
ნ.ჩ.: ვერ ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება" ორ და სამ დაჯგუფებად არის დაყოფილი, რადგან, როგორც ვნახეთ, "ქართული ოცნების" გუნდის უმრავლესობა გაემიჯნა დეპუტატის განცხადებას. მას ოფიციალური მხარდამჭერი არ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თეას კარგად ვიცნობ, ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" არჩეულ დეპუტატს ნამდვილად აქვს იმის უფლება, რომ საკუთარი აზრი საჯაროდ გამოთქვას და ეს ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. სახალხო დამცველი ქვეყანაში იმისთვისაა, რომ უზრუნველყოს დემოკრატიული პრინციპების განვითრება, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი, ეთნიკური და რელიგიური უფლებების დაცვა.
აქ პრობლემა არ არის მხოლოდ წულუკიანის განცხადებაში, აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ თითქოს სახალხო დამცველი აპირებს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. რატომღაც ისე აღიქმება, რომ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებ, ე.ი. შეკრული ხარ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და შესაბამისი მიზნები გამოძრავებს. ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ომბუდსმენის ფუნქცია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაა და არა ვინმეს პოლიტიკის გატარება.
"მ.კ.": მინდა, გკითხოთ ლარის კურსზეც, რომელიც კრიტიკულ ნიშნულზეა. გამოწვეულია თუ არა ეს ქვეყნის შიდა ეკონომიკური მიზეზებით?
ნ.ჩ.: როდესაც ეროვნული ვალუტა ამგვარ დევალვაციას განიცდის, რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები აქვს. პირველი, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სესხი გასცა, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი მოცულობის ლარი გავიდა ბრუნვაში. შესაძლოა, ეს იყოს ლარის ამგვარი გაუფასურების გამომწვევი ერთი მიზეზი, თუმცა ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია, რადგან ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. მეორე, ჩემი აზრით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტურისტული სეზონის დასრულებას, რის გამოც ვალუტის შემოდინება ქვეყანაში შემცირდა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ფაქტორი. ჩვენ ვიცით, რომ ოქტომბრის ბოლოდან საქართველოში მდინარეებში წყლის დონე იკლებს, რის გამოც ვერ გამოიმუშავებს შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგიას და იწყება მისი ომპორტი. ამიტომ გაედინება უცხოური ვალუტა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ნავთობზე ფასების ზრდა. როგორც ცნობილია, ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეადგენდა 64 დოლარს, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში ნავთობპროდუქტებს დაახლოებით 13-15% უკავია, ბუნებრივია, ქართველ ნავთობიმპორტიორებს დამატებითი თანხის გადახდა უწევთ გაძვირებულ პროდუქციაზე, რაც, ასევე, ხელს უწყობს ვალუტის გადინებას ქვეყნიდან და ნეგატიურად აისახება ლარზე.