ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე უძველესი ქრისტიანული ტაძრების მასშტაბური განახლების პროცესი დაიწყო. ამ ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი ქართული წარმომავლობისაა.
რუსული მედიის ცნობით, ამ ღონისძიების მთავარ მიზანი ტურისტების მოზიდვა და მომლოცველებისათვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნაა. ქართველი რესტავრატორები ამ პროცესში ჩართული არ არიან და ძნელი სათქმელია, ტაძრების რესტავრაცია და კეთილმოწყობა ხომ არ გამოიწვევს მათი პირვანდელი სახის დაკარგვას.
სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დაღესტანში ადგილობრივი ხელისუფლება ყ საუკუნის დათუნას ტაძრის კეთილმოწყობას გეგმავს, გასულ კვირას კი ყარაჩაი-ჩერქეზეთში საგანგებო ცენტრი შეიქმნა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრების კეთილმოწყობაზე იზრუნებს.
არც საქართველოს საპატრიარქოში და არც ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამის შესახებ არაფერი იციან და არც ამ პროცესში არიან ჩართული.
უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელისუფლების ინიციატივაზე, რომ უძველესი ქრისტიანული ტაძრების სამართავად შეიქმნას ერთიანი ცენტრი, რომლის მიზანიც მომლოცველი ტურისტების მოზიდვა და მათთვის ტაძრების ტერიტორიაზე კომფორტული გარემოს შექმნაა, რაც იმის ალბათობასაც არ გამორიცხავს, რომ გარემოს შეცვლამ და განახლებამ ისტორიულ ძეგლებს პირვანდელი სახე დააკარგვინოს, როგორც ეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ქართული ეკლესიების შემთხვევაში მოხდა.
"რესპუბლიკის ხელმძღვანელმა რაშიდ ტემრაზოვმა მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას სახელმწიფო ინსტიტუტი "კავკასიაში ძველალანური ქრისტიანული ცენტრი", რომელიც მოამზადებს ტაძრების მოვლა-შენახვის პროგრამას. მართალია, ისინი კარგ მდგომარეობაში არიან შემონახული, თუმცა პროგრამა გულისხმობს მათ კიდევ უფრო განვითარებას ტურისტებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის თვალსაზრისით", - განაცხადა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტურიზმისა და კურორტების განვითარების მინისტრმა ანზორ ერკენოვმა.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე სულ ცხრა უძველესი ეკლესიაა. აქედან ხუთი ყარაჩაი-ჩერქეზეთშია, მათ შორის ქვემო არხიზისა და სენტის კომპლექსები და შუანის ტაძარი.
აყარაჩაი-ჩერქეზეთში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველა ეს ეკლესია ქ||-|ყ საუკუნეებშია აშენებული, ანუ რუსეთის გაქრისტიანებამდე გაცილებით ადრე და 988 წლით თარიღდება. ადგილობრივთა ცნობით, "ეკლესიები ბიზანტიურ სტილშია აგებული და მსგავსი ტიპის ტაძრები სომხეთში, საქართველოსა და აფხაზეთშიც გვხვდება".
როგორც ერკენოვი აცხადებს, ცენტრი მონიტორინგს ხუთივე უძველეს ქრისტიანულ ტაძარს გაუწევს და თუ ახლა მათ ყოველწლიურად ათი ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ცენტრის დახმარებით, ნავარაუდევია, რომ ტურისტული ნაკადი 10-ჯერ გაიზრდება.
დასასრული
დაღესტანში მდებარე დათუნას ეკლესიის რესტავრაცია 2010 წელს ჩატარდა. როგორც მაშინ "კავკასიის ფონდის" ხელმძღვანელი გივი ღამბაშიძე აღნიშნავდა, დაღესტნელმა სპეციალისტებმა ქართველ რესტავრატორთა აზრი გარკვეულ საკითხებში გაითვალისწინეს. მართალია, დღეს ტაძარი დაღესტნელთა წყალობით რესტავრირებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა იმ ფრესკების შენარჩუნება, რომლებიც ყყ საუკუნის ოციან წლებში ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო.
მიუხედავად ამისა, როგორც რუსული მედია იუწყება, დათუნას ტაძარი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ინტერესი შენარჩუნდეს. სექტემბერში ტაძრისკენ მიმავალ გზაზე სპეციალური ნიშნები და დეკორატიული კარიბჭეები განათავსეს. ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ სეზონზე აპირებს, ტაძრის ირგვლივ თანამედროვე განათება, დასასვენებელი ბაღი მოაწყოს და სკამები დადგას.
დაღესტნისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელისუფლებების ინიციატივა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რასაც უძველესი ქართული ეკლესიების რაოდენობაც მოწმობს ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე. მეტი თვალსაჩინოებისთვის "მთელი კვირა" ამ კულტურული ძეგლების არასრულ ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.
ინგუშეთის ტერიტორიაზე - ალბიერდის, გალ-ერდის, თხაბა ერდის, დელტეს, მაღი-იერდისა და თარგემის ეკლესიები;
ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე - "ხოზიტა-მაირამის" ეკლესია; ნუზალეს სამლოცველო; თლის ეკლესია; ნარის წმ. გიორგის სამლოცველოს ნანგრევები - ნარძუარი; "ხუცაუ-ძუარი" (სოფ. ფალაგ-ქომსა და რეგახთან აგებული ეკლესიის ნანგრევები - ღვთაების სამლოცველო); "ძლესი ძუარი" (ძლევის ჯვარი);
დაღესტანში - სოფელ დათუნასთან ამავე სახელობის ტაძარი;
ყარაჩაი-ჩერქეზეთში - სენტი და შუანა.
როგორც აღმოჩნდა, ჩრდილოეთ კავკასიაში უძველესი ქრისტიანული ტაძრების განახლებასა და მიმზიდველ ტურისტულ ადგილებად გადაქცევაზე ინფორმაცია ქართულ მხარეს მანამდე არ ჰქონია, ვიდრე ამის შესახებ მათ "მთელმა კვირამ" არ აცნობა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, რომ ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური კავშირი და ამიტომაც მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ, ვერც პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
"არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ ამ თემაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, ამდენად, უტოპიად მიმაჩნია მათთან დაკავშირება და აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ვფლობდეთ ინფორმაციას, თუმცა ახლა ჩვენი მხრიდან ამ პროცესში ჩართვა მე არასერიოზული მგონია", - განაცხადა ანთიძემ.
ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ამ პროცესის შედეგად ტაძრებში დაზიანდეს ქართული ფრესკები, წარწერები და სხვა ნიშნები, თუკი ისინი არის, რაც მათი წარმომავლობის ისტორიის გაქრობასაც გულისხმობს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი გვპასუხობს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია და ამის მაგალითი ჩვენ უკვე ვიხილეთ ოკუპირებულ აფხაზეთში.
"წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ამის ალბათობა ნამდვილად არის. თუნდაც აფხაზეთში რუსი რესტავრატორების ჩარევის შედეგად რა შედეგი მივიღეთ, თუმცა გააჩნია, ვინ იმუშავებს. როგორც ჩვენი, ისე იქაური რესტავრატორების ნაწილი საბჭოთა სკოლაგამოვლილია, თუმცა, გარდა კვალიფიკაციისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მიდგომა და ინტერესი აქვთ ძეგლებთან დაკავშირებით. ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა ძალიან გამიჭირდება", - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.