"არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ის, რომ არ ვიცოდი და ჰაერიდან მომხსნეს. ეგ ხდებოდა 10 წლის წინ. ასეთი რაღაცები დღეს აღარ ხდება. პატივს ვცემთ ერთმანეთს და ერთმანეთის მიმართ მორალური დამოკიდებულება გვაქვს", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.
მთავრობაში განხორციელებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებაზე და მის შედეგებზე "მთელი კვირა" ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა.
ვიქტორ დოლიძე: ვფიქრობ, სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული ხარჯების შემცირებისა და მთავრობის ეფექტური მუშაობის თვალსაზრისით.
"მთელი კვირა": ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს გაუქმება ინტეგრაციის პროცესს არ შეაფერხებს?
ვ.დ.: არა, რა თქმა უნდა. ეს იქნება რაღაც ოპტიმალური ვარიანტი, რომ სამინისტრომ გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებითაც. ამას ინტეგრაციასთან კავშირი არ აქვს. თან ეს არის შერწყმა და არა გაუქმება. მეორე მხრივ, პაპუნა ენერგიული ახალგაზრდა კაცია, რომელიც გაუძღვება ამ ამბავს ზედმიწევნით კარგად, ამაში დარწმუნებული ვარ.
"მ.კ.": ამ გადაწყვეტილებას თუ ელოდით თქვენ პირადად?
ვ.დ.: რა თქმა უნდა.
"მ.კ.": ანუ წინასწარ იყო ყველაფერი ცნობილი და დაგეგმილი?
ვ.დ.: რა თქმა უნდა. პრემიერთან ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. ჩვენ სააკაშვილივით და ვიღაცებივით სიურპრიზებს არ ვუმზადებთ, ჩვენ ადამიანური, საქმიანი და მორალურად გამართული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
"მ.კ.": მაგრამ გარედან სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩა - თქვენ სერბეთში მიფრინავდით და ზუსტად მაშინ გახმაურდა ეს ამბავი. თან ერთი კვირით ადრე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებს კატეგორიულად გამორიცხავდა.
ვ.დ.: მერე რა, რომ წასული ვიყავი?! ამ შემთხვევაში გეოგრაფიას მნიშვნელობა არ აქვს.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პრემიერთან მქონდა შეთანხმება. მადლობელი ვარ მისი ასეთი სწორი გადაწყვეტილებისა და დროულად ინფორმირებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა ის, რომ არ ვიცოდი და ჰაერში მომხსნეს. ეგ ხდებოდა 10 წლის წინ. ასეთი რაღაცები დღეს აღარ ხდება. პატივს ვცემთ ერთმანეთს და გვაქვს მორალური და კარგი დამოკიდებულება.
ის, რომ არ ვიცოდი და ჰაერში მომხსნეს, სრული აბსურდია. იყო ამაზე სპეკულაციები. არავითარ შემთხვევაში. გამოვედი და პირველი კომენტარი იყო ის, რომ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. განსხვავებული პოზიცია რომ მქონოდა, ამასაც ვიტყოდი. ვიღაცებისგან განსხვავებით, კვირიკაშვილს არაფერი არ ეშლება.
"მ.კ.": გარემოს დაცვის სამინისტროც უნდა გაუქმებულიყო მაშინ, როცა ევროპაში პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევა?
ვ.დ.: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გაუქმებას ნუ დაარქმევთ, ეს არის შერწყმა. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობით აღსავსე ქვეყანა და ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებთ.
იცით, რომ 2018 წლიდან მარჯვენასაჭიანი მანქანის შემოყვანა იკრძალება. ასევე საკანონმდებლო დონეზეა აყვანილი და ტექნიკურ დათვალიერებას დაექვემდებარება ყველა მანქანა. დაცული იქნება პროდუქტის უსაფრთხოება, მათ შორის მე ვიყავი ინიციატორი წინა პარლამენტში მომხმარებლის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ გითხრათ, ქვეყანას დავემსგავსეთ. პატივი ვცეთ ამ ყველაფერს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
ამაში ვიყოთ ერთიანი და კონსოლიდირებული. მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას და ცუდად ერთი წუთითაც არ განვიხილავ. ვფიქრობ, ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
"მ.კ.": და თქვენ პირადად სად გააგრძელებთ საქმიანობას?
ვ.დ.: ალბათ დიპლომატიურ სამსახურში. ბატონ პრემიერს დაველაპარაკები და ბედნიერი ვიქნები, თუკი მექნება საშუალება, დიპლომატიურ სამსახურში გავაგრძელო საქმიანობა.
"მ.კ.": ელჩად გაგზავნას გულისხმობთ?
ვ.დ.: მხოლოდ და მხოლოდ მადლიერი ვიქნები, თუკი ამის საშუალება მომეცემა.