(რეზონანსი) გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად, მისი განხილვა, როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია.
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს საკმარისი და გარანტირებული ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.
„ რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპებს? ვინ გააკონტროლებს, გამჭვირვალე იქნება თუ არა ეს პროცესი? ან საერთოდ, რა კავშირშია ეს საკითხი ტელევიზიის ფუნქციონირებასთან? პარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების შესახებ და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს მხარს არ უჭერენ".
"იცით, რა არის ალოგიკური? ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იზრდება, რადგან ის მიბმულია ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე. შესაბამისად, მისი განხილვა, როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ამ ფინანსური ჭიდილის გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. რატომ სურს კიდევ ერთხელ მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია",-განაცხადა ტუღუშმა.
„რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ეჭვქვეშ აყენებს იმასაც, რამდენად ასრულებს ზემოხსენებული მაუწყებლობა საკუთარ მოვალეობებს. მართალია, ახალმა მენეჯმენტმა ახალი გადაცემები სულ ცოტა ხნის წინ ჩაუშვა ეთერში, თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც ნაკლებია.