თიკო ოსმანოვა
21.11.2017

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. მათ შორისაა "რუსთავი 2"-ის ოპერატორი - თამაზ შავშიშვილი კიევის სამართალდამცავ უწყებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული მოქალაქეები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით დააბრუნეს საქართველოში საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს.

ამით ხსნის უკრაინული მხარე მათ დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობა" კი ჯანელიძის უწყებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში აქცია გამართეს.

რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული საქართველოს მოქალაქეების უკრაინიდან დეპორტაცია? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ყველაფერი ზედაპირზეა და ნათელია. ვფიქრობ, საქართველოს სპეცსამსახურები აწვდიან ცნობებს უკრაინის მხარეს და ისინი ნადირობენ იმ ბიჭებზე, რომლებიც, ვიცით, რატომ არიან იქ ჩასულები. მით უმეტეს, რომ ამ საქმეშიც ფიგურირებს ჟურნალისტი. ეს ძალიან დიდი სკანდალია და ყოვლად გაუმართლებელია. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკაა და თანაც დიდი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი სპეცსამსახურამდე მიდის.

 

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი):პოლიტიკაა ყველგან, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.

 

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):არ ვიცი, ამ ადამიანებს საბუთები ჰქონდათ თუ არა წესრიგში, იქ რას აკეთებდნენ. მაგრამ მაინც არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს პირადი ანგარიშსწორება. შეიძლება ვიღაცებს, უკრაინის მაღალჩინოსნებს, პრეზიდენტის ჩათვლით, ეს ადამიანები სიმშვიდეს ურღვევდნენ, უპოვეს რაღაც და გამოამგზავრეს.

მაგრამ თუ მართალია, რასაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი ყვება, რომ ცემეს და ტომარა გადააფარეს, მაშინ უკრაინასაც ვერ ჰქონია საქმე კარგად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, რაც ძალიან საგანგაშო და ყურადსაღებია.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): შეიძლება პოლიტიკურიც არის. უკრაინელებს მიაჩნიათ, რომ ეს ხალხი უკანონოდაა იქ ჩასული. ერთდაერთი, ვისაც იქ არეულობა უნდა, არის რუსეთი. ასე რომ, ეს ფაქტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

არ მომეწონა ფორმა, როგორ გამოყარეს და მიაყენეს ამ ადამიანებს შეურაცხყოფა. ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულად შეიძლებოდა. ამასთან, ყველა ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას თავისი უსაფრთხოება. იქ არის პროვოკაციის დიდი საშიშროება, ასე რომ, სწორად მოიქცნენ, რომ გამოუშვეს, უბრალოდ, ფორმა უნდა ყოფილიყო ცივილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×