შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილებისვთის ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ვიზალიბერალიზაციით სარგებლობენ, 2020 წლიდან ელექტრონული აპლიკაციის შევსება მოუწევთ. ავტორიზაციის გავლა 5 ევრო ეღირება და მისი შევსება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იქნება აუცილებელი. ამასთან, უარის შემთხვევაში მოქალაქეებს პასუხის გასაჩივრების უფლება ექნებათ.
როგორც ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საბჭომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლისას ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 5 ევროს გადახდას.
აპლიკანტი, მაქსიმუმ, 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 5 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფალი არიან.
აღსანიშნავია, რომ უარის თქმის შემთხვევაში პირს 24 საათის განმავლობაში პასუხის გასაჩივრების უფლება აქვს. ხოლო საბოლოო უარის შემთხვევაში მას საშუალება აქვს, 6 თვის შემდგომ თავიდან შეავსოს განაცხადი.
როგორც ევროპის პარლამენტისა და საკრებულოს რეგლამენტშია ნათქვამი, უმრავლესობისთვის უვიზო მიმოსვლის დამადასტურებელი ნებართვის მიღება აპლიკაციის პროცესის მეშვეობით უფრო მარტივი, სწრაფი და იაფი საშუალება იქნება. ამასთან, მოგზაურობაზე ნებართვის მსგავსი სისტემის მქონე სხვა ქვეყნების (აშშ, კანადა, ავსტრალია) გამოცდილების თანახმად, 95% ან უფრო მეტი დადებითი პასუხი მოდის.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის მთავარი მიზანი ევროპის უსაფრთხოებაა. სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი საშუალებას გაძლევთ, საკუთარ ქვეყანაში გაიგოთ, რამდენად აკმაყოფილებს მესაზღვრის უსაფრთხოების მოთხოვნებს შენგენის ზონის ქვეყანაში თქვენი მონაცემები.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების უსაფრთხოებისა და უკანონო მიგრაციისგან თავდაცვად აფასებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც.
"ჩემი აზრით, ეს ალბათ სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლო უკანონო მიგრაციას უკავშირდება. გამომდინარე აქედან, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმი შედარებით უნდა გამკაცრდეს.
"ჩვენ ვიცით, რომ სანამ უვიზო რეჟიმი ამოქმედდებოდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, გერმანია აქტიურად განიხილავდა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხს. აუცილებელია ამ პროცესის გამკაცრება, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული უკანონო მიგრაცია.
"მიუხედავად იმისა, რომ, დღეს არსებული რეჟიმის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში 90 დღე შეუძლიათ, შენგერის ზონის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურონ, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, უკანონოდ დარჩნენ ევროპაში. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არ იქცევიან ასე. ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკა ისაა, რომ განმცხადებელთა 62%-ს უარი ეთქვა ამერიკაში გამგზავრებაზე.
"ესეც გარკვეული შეშფოთების საგანია და, მართალია, არ ვიცი, ჩვენმა ევროპელმა მეზობლებმა ეს საკითხი შეისწავლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი ნამდვილად არ არის", - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ აპლიკაციის შევსების შემდგომ უარის შემთხვევაში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი თავიდან შეავსონ.
"თუ არ ვცდები, 6 თვის შემდგომ შესაძლებელია, რომ აპლიკაცია თავიდან შეივსოს. ამასთან, მოქალაქეს უფლება აქვს, რომ პასუხი გაასაჩივროს, ქვეყანას კი ვერ დატოვებს, რადგან კონკრეტული პიროვნების მონაცემები აღირიცხება და ის საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებს. გასაჩივრებისას, შესაძლებლელია, მოქალაქეს დამატებითი საბუთები მოსთხოვონ - ცნობა სამსახურიდან, რეკომენდაცია, ამონაწერი ბანკიდან, რომ მას კონკრეტული შემოსავალი აქვს და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.