ხელისუფლებას სჭირდება, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ საქმეზე მაინც დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, თანაც რაც შეიძლება მალე, ამიტომაც პროკურატურა გააქტიურებულია, რომ ახალ წლამდე მოასწროს და წარდგენილი 4 ბრალდებიდან ყველაზე სიმბოლურ - გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუმტკიცოს.
ასეთი გააქტიურების მიზეზი კი ისაა, რომ უკრაინიდან ექსპრეზიდენტის ექსტრადირება გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე წარმოუდგენელია და უფლებადამცველების ერთი ნაწილი სწორედ ექსტრადიციის თემას უკავშირებს ბოლო დროს სასამართლოში გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის ბრალდების განხილვის ასე ძალიან გააქტიურებას და პროკურატურის განცხადებასაც, რომ ეს საქმე სულ მალე დასრულდება.
უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას თქმით, საოცარი ამბავია, როდესაც პროკურატურა ასეთი მაღალი რანგის მაღალჩინოსნის, ექსპრეზიდენტის ექსტრადირებას ითხოვს და ამ დროს გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს. ამიტომაც იგი არ გამორიცხავს, რომ თავად უკრაინის მხარემ მოითხოვა უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ წარდგენილი ბრალდებებია და ამიტომაც დაიწყო მთელი ეს "ფაფხური" და რომ პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ.
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე მსჯელობა განახლდება და, სააკაშვილის ადვოკატ დავით კაკოიშვილის განცხადებით, ხმაურიან პროცესზე კუდ-ის ყოფილი უფროსის - დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვას გეგმავს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი 4 სს საქმეზე აქვს წარდგენილი და არც ერთ საქმეზე განაჩენი არ გამოუტანიათ.
სააკაშვილს ედავებიან: ვალერი გელაშვილის ცემის, სამთავრობო დაცვის სამსახურის 9 მილიონი ლარის გაფლანგვის, 7 ნოემბრის დარბევისა და გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებს.
გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც 5-დან 8-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროს დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელი გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს განახლდება და დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას გეგმავს.
ის, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასასრულს უახლოვდება ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დააანონსა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ "მაესტროსთან" ინტერვიუში. მან განაცხადა, რომ სასამართლო დასკვნით ეტაპზეა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია. შესაბამისად, ამ საქმეზე "ლოგიკური დასასრული ახლოსაა" და პროკურატურაში მტკიცე მოლოდინია, რომ სააკაშვილს პირველი განაჩენი უკვე ექნება.
პროკურატურისგან განსხვავებით, სააკაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ ხედავს მისი ადვოკატი დავით კაკოიშვილი. იგი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეზე და მოლოდინზე კომენტარი არ სურს, თუმცა ადასტურებს, რომ 22 ნოემბერს (ხვალ) დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვას გეგმავს, თუკი ტექნიკურად ხელი არ შეეშალა.
მისი თქმით, ვერ იტყვის, რამდენად ახლოსაა საქმის დასასრული, რადგან "ჯერ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს", რასაც დრო სჭირდება.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს სწორედ გირგვლიანის საქმე, რადგან ეს ერთგვარად სიმბოლური საქმეა, რომ ეს ყველაფერი მიაბას ექსტრადირების მოთხოვნას.
"ჩემი ვარაუდი თუ გაინტერესებთ, შესაძლებელია, ეს მართალი იყო... ფაქტია, რომ ბრალდება ცდილობს, სწრაფად დაასრულოს ეს საქმე. სხვა საქმეები შედარებით ნელა მიდის. აქედან გამომდინარე, დასკვნა თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ. ამ საქმეზე შინაარსობრივად კომენტარს არ ვაკეთებ, შესაბამისად, ვერც მოლოდინზე, ვერც მტკიცებულებებზე და ვერც სხვა თემებზე, რაც საქმეს უკავშირდება, კომენტარს არ ვაკეთებ", - დასძენს კაკოიშვილი.
ლია მუხაშავრია ამბობს, რომ როდესაც 5 წელია, ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული და არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურას გახმაურებული სს საქმეები მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც ეს პოლიტიკურ ხელისუფლებას სჭირდება.
"როგორ შეიძლება, მოითხოვო ასეთი რანგის მაღალჩინოსნის, ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადიცია, თუკი არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი მის მიმართ არ არსებობს?! პროკურატურამ არ იცოდა, რომ განაჩენის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა მისი ექსტრადირების მოთხოვნა და მისი დაკმაყოფილებაც არ მოხდებოდა?
"გამოდის, რომ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ინტრიგა და არა სერიოზულად დასაბუთებული სამართლებრივი ბრალდება. ეჭვი ჩნდება, რომ სწორედ ექსტრადირების საკითხის გამო გაააქტიურეს გირგვლიანის საქმის გამოძიება. ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთის აღსრულება და არა რეალურად ბრალდების საქმის აღსრულება. პოლიტიკურ ხელისუფლებას ექსტრადიციისთვის დასჭირდა ბრალდების დამტკიცება და პროკურატურას დაუკვეთა, ერთ საქმეში მაინც გამოეტანათ გამამტყუნებელი განაჩენი.
"არადა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დეტალურად აღწერს ფაქტებს, ასაბუთებს ყოველ ელემენტს, იურისტისთვის, მით უფრო პროკურორისთვის, საკმარისზე მეტი უნდა ყოფილიყო, გამოეკვეთა, ვინც იყო ამ საქმეში მონაწილე და თითოეულს რა ბრალი მიუძღოდა ინდივიდუალურად.
"ახლა, როცა ვხედავთ, რომ პროკურატურას თურმე არაფერიც არ ჰქონია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთის შესრულებაზე, მათ არაკომპეტენტურობაზე და მიკერძოებაზე მიუთითებს", - ამბობს მუხაშავრია. მისი თქმით, ბრალდების დამტკიცება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ექსტრადირების საქმეს.
"ამ ბრალდების ავტორებს თავადაც კარგად ესმით, რომ მხოლოდ ბრალდება არ არის საკმარისი ასეთი რანგის ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადიციის დასაკმაყოფილებლად. არც იმას გამოვრიცხავ, რომ კომუნიკაცია უკვე იყო უკრაინის მხარესთან და მათ მოითხოვეს უფრო მეტი, ვიდრე წარდგენილი ბრალდებებია, ამიტომ დაიწყო მთელი ეს ფაფხური", - დასძენს მუხაშავრია.