უკრაინიდან დეპორტირებულთა შორის, სავარაუდოდ, 3 ქართველი მებრძოლია. საუბარია, სააკაშვილის პირადი დაცვის წევრ ზურაბ ცინცაძეზე, შსს-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის ყოფილ უფროს, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ მამუკა აბაშიძესა და „ქართული ლეგიონის“ ყოფილ წევრზე, უშიშროების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ ივანე ნადირაძეზე, რომლებიც 17 ნოემბერს უკრაინაში დააკავეს.
ორი დღის განმავლობაში დაკავებული ქართველების ადგილსამყოფელის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა. თუმცა მოგვაინებით გაირკვა, რომ ისინი ბორან „ვილნიუს სივეისზე“ იმყოფებოდნენ, რომელიც უკრაინის ნავსადგურ ჩერნომორსკიდან 18 ნოემბერს გამოვიდა და ფოთის პორტში 19 ნოემბერს შემოვიდა.
კიევში აცხადებენ, რომ ღონისძიება უსაფრთხოების, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს. გადაწყვეტილება კი იმ მასალების საფუძველზე მიიღეს, რომელიც მოწმობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობა უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
აღმოსავლეთ უკრაინაში ომი სამთავრობო შენაერთებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაიწყო. 2014-2017 წლებში ბრძოლაში 200-ზე მეტი ქართველი სამხედრო ჩაერთო, რომელთაგან ათი დაიღუპა.
თავად ქართველი სამხედროები უკრანის ომში მონაწილეობის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.
ამბობენ, რომ ამ ომში ჩართვა მათთვის საქართველოსა და უკრაინის საერთო მტრის - რუსეთის - წინააღმდეგ ბრძოლაა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა საქართველოსთვის უცხო არ არის.
შეგახსენებთ, რომ 1993 წელს საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა აფხაზეთის ომში, რომელთანაგ 7 დაიღუპა, რაც ქართველების უკრაინის ომში ჩართვის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
პორტალ დამოუკიდებლობა.ცომ-ის თანახმად, დაღუპულთა ნუსხა ასე გამოიყურება:
გიორგი სარალიძე, მეტსახელად „გიურზა“, დონეცკის აეროპორტის მახლობლად, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ამ წლის ოქტომბერში დაიღუპა.
ვიცე-პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე 11 მაისს რუსი ოკუპანტების ჭურვს ნოვოლუგანსკოეში შეეწირა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების 128-ე ბრიგადის ჯარისკაცი დავით გამსახურდია დონეცკის სიახლოვეს, ბუტოვკის მაღაროში, საბრძოლო მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა და დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკი) საავადმყოფოში 2016 წლის 8 ოქტომბერს გარდაიცვალა.
რევაზ წიკლაური დონეცკის მახლობლად, ქალაქ ავდეევკაში, იმ სტრატეგიული პოზიციის დაცვის დროს დაიღუპა, რომლის გათავისუფლების ოპერაციაში, 2016 წლის თებერვალში პირადად მონაწილეობდა. შენობას, სადაც ის იმყოფებოდა, ჭურვი დაეცა.
ირაკლი ქუთელია, სოფელ ოპიტნოესთან იმ ქვეითთა საბრძოლო მანქანაში იჯდა, რომელიც ორ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. იგი 2015 წლის 9 დეკემბერს დაიღუპა.
2-15 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა გიორგი ბარათელი, რომელიც უკრაინის 93-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო. იგი დონეცკთან ახლოს, ბუტოვკის მაღაროში ნაღმის აფეთქებას შეეწირა.
2015 წლის 1 ივლისს აზოვის ზღვაში, მარიოპოლის სანაპიროზე იპოვეს კონსტანტინე ლაშხიას ცხედარი, რომელსაც თანამებრძოლები დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ.
ბატალიონ „აზოვის“ წევრი გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან პრორუსი სეპარატისტების შენაერთებთან და რუსეთის არმიის ნაწილებთან ბრძოლისას 2015 წლის 18 აპრილს დაიღუპა.
2015 წლის 17 იანვარს დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა თამაზ სუხიაშვილი.
ხოლო, ალექსანდრე გრიგოლაშვილი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა, როდესაც სეპარატისტები ბატალიონ "აიდარის" მებრძოლებს დასახლებულ პუნქტ სტარი აიდარში ჩაუსაფრდნენ. ის იყო პირველი ქართველი სამხედრო, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა.
უკრაინაში დარჩენილ სხვა ქართველ მებრძოლებზე ინფორამციას არ ფლობენ სამხედრო ანალიტიკოსები.
ჟურნალი “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი “რეზონანსთან” საუბრიას ამბობს, რომ მას მხოლოდ უკვე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია აქვს, ხოლო სხვა ქართეველი მებრძოლების შესახებ მისთვის უცნობია.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე კი არ გამორიცხავს, რომ უკრაინიდან დეპორტაციების სერია გაგრძელდეს და მათ შორის სხვა ქართველი მებრძოლებიც მოხვდნენ.