თიკო ოსმანოვა
22.11.2017

 "მესმის, რომ თურქეთთან გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური რისკი არის მაღალი. ჩაბუქს საკმარისზე მეტი აქვს საქართველოში ნამოღვაწარი. არ მგონია, რომ ეს ადამიანი თურქეთისთვის წარმოადგენდეს რეალურ საფრთხეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი: ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება თურქეთს ჩაბუქს გადასცემს. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია, რაც საქართველოში მოღვაწეობს და ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ამ სიტუაციაში, როდესაც თვითონ გახდა დასაცავი, ვფიქრობ, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ვალდებულებაა, რომ ასეთი ადამიანის დაცვა უზრუნველყოს. ასე რომ, არა მგონია, მისი გადაცემა ამ ვითარებაში სწორი ნაბიჯი იყოს. ჩვენი პარტნიორები შეერთებულ შტატებშტი ან ევროპაში საქართველოს კარგი თვალით არ შეხედავენ.

"რეზონანსი": თუმცა ლტოლვილთა სამინისტრომ მას სტატუსის მიცემაზე უარი უთხრა...

გ.ხ: მესმის, რომ გვაქვს გარკვეული ვალდებულებები თურქეთთთან, მაგრამ ეს არის შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური რისკი არის მაღალი და ამ ადამიანს საკმარისზე მეტი აქვს საქართველოში ნამოღვაწარი. არ მგონია, რომ ეს ადამიანი თურქეთისთვის წარმოადგენდეს რეალურ საფრთხეს.

ასე რომ, თუ მოხდა, ეს აცდენილი იქნება იმ სტარდარტებს, რა სტანდარტებითაც ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

მისი მთავარი ბრალდებაა, რომ გიულენის მხარდამჭერად მოიაზრება, ამ დროს თვითონ გიულენს შეერთებული შტატები არ გადასცემს. ჩვენ მიერ მისი სავარაუდო კავშირის გამო ადამიანის პრაქტიკულად გაწირვა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. ეს იქნება სიგნალი ყველა ადამიანისთვის, რომ დაიცვას რესპრესირებული ადამიანები.

"რ": კალაძის დასაწყისზე რას ფიქრობთ, იგი უფრო პიარით არის დაკავებული თუ მართლა საქმეს აკეთებს? ელოდებით მისგან კონკრეტულ ქმედებებს?

გ.ხ: ჯერ მისი მოღვაწეობა არ გვინახავს. მხოლოდ განცხადებებს ვისმენთ და ვნახეთ მხოლოდ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა. მის განცხადებებს დიდწილად ვიზიარებ, მაგრამ უნდა ვნახოთ, ქმედებაში ეს აისახება თუ არა.

დღეს კიდევ ერთხელ გამოცხადდა, რომ ელიავას ბაზრობა გატანილი უნდა იქნას ქალიქიდან. ეს არ არის პირველი განაცხადი - ყველა მერი, ვინც მოდიოდა, ამით იწყებდა ლაპარაკს, მერე საეჭვო გარემოებებში ეს ყველაფერი ჩერდებოდა. ეჭვი მაქვს, რაღაც გარიგება ხდებოდა და ამით ყველაფერი მთავრდებოდა. თუ ეს განხორციელდა და "სითი პარკი", ჩავთვლი, რომ კალაძემ ტესტი გაიარა.

თუ უახლოეს პერიოდში დავინახეთ, რომ იხმაურეს და ეს ამბავი ჩაჩუმდა, მაშინ უნდა ვივირაუდოთ, რომ ეს იყო საპნის ბუშტი და მეტი არაფერი.

ორი ვარიანტია ან მას აქვს გრძელვადიანი პოლიტიკური გეგმები და ისევ კამპანიაშია. კამპანიის წარმოება სწორი გზავნილებით კარგია, თუ ამას ასრულებ, მაგრამ თუ ამას ვერ ასრულებ, ეს ყველაფერი პირიქით გიტრიალდება ძალიან ცუდად.

ასე რომ, უნდა დაველოდოთ - ვერ ვიქნები ვერც სკეპტიკური და ვერც ოპტიმიზმით აღსავსე. დაპირებები ბევრი გვინახავს, შესრულებული კი - არა. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მოხდება ელიავას ბაზრობის ირგვლივ.

"რ": რამდენი ხანი უნდა ველოდოთ, 100 დღე?

გ.ხ: დიახ, რაღაც პერიოდი უნდა მივცეთ და მერე ვკითხოთ, რა ხდება "სითი პარკზე", ელიავას ბაზრობაზე... თუ მან გადაჭრა ეს პრობლემები, კი ბატონო, შევაქებ. მაგრამ, თუ ეს არ გაკეთდა, ბუნებრივია, ყველას გვექნება პრეტენზიები.

"რ": რაც შეეხებათ უკრაინიდან დეპორტირებულ ქართველებს, რას უკავშირებთ მეგობარი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას?

გ.ხ: რა თქმა უნდა, პოლიტიკური ნიშნით მოხდა ამ ადამიანების დეპორტაცია. ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი უკრაინის მხარეს იბრძოდა და სიცოცხლეს წირავდა. მიუხედავად ამისა, უკრაინამ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკავშირდება, გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავმჯდომარეს, რომელიც ვერაფრით ვერ წყნარდება. ბუნებრივია, ეს წმინდა პოლიტიკაა და მეტი არაფერი. ერთია ჩვენი დამოკიდებულება და მეორეა მათი უფლებების დაცვა, რისი ვალდებულებაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×