გვანცა ღვედაშვილი
22.11.2017

დედაქალაქის შუაგულში ელიავას ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა, არ უნდა არსებობდეს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრის" გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გრძელვადიან პერსპექტივაში ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტას გეგმავს.

"ელიავას ბაზრობაზე არსებობს კერძო საკუთრებები. არც დედაქალაქის მერსა და ჩვენი მთავრობის არც ერთ წევრს იმის უფლებამოსილება არ აქვს, რომ მივიდეს და ერთი ხელის მოსმით ამ კერძო საკუთრების ხელყოფა მოახდინოს.

"უფლებამონაცვლე ადგილმდებარეობის გამოყოფის საკითხი იქნება შესასწავლი და ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ არც ისეა, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ვთქვათ, გამოუვალი პროექტიაო. დედაქალაქის შუაგულში ამ ფორმით, რა ფორმითაც ელიავას ბაზრობა მდებარეობს, არ უნდა არსებობდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დაგეგმვა.

"ჩვენ ძალიან გვინდა, გრძელვადიან პერსპექტივაში გადავწყვიტოთ ეს საკითხი. აუცილებლად უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართების შეთავაზება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, კერძო მესაკუთრეები დაგვეთანხმებიან თუ არა და ამ ბაზრობის გადატანა იქნება თუ არა შესაძლებელი", - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

შეძლებს თუ არა მერია ელიავას ბაზრობის პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ძალიან რთული საკითხია და შესწავლას მოითხოვს. ქვეყანაში ისედაც არის მწვავე სოციალური პრობლემები. ელიავას ბაზრობაზე იმდენი ადამიანია ჩართული, იქ რომ რამე არასწორად მოხდეს, ეს ტვირთი ისევ მერიას დააწვება. უმჯობესია, რამე სხვა საკითხს მოჰკიდონ ხელი, ნაკლებად სენსიტიურს, რადგან, ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე მოაგვარებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე უნდა დარჩეს ელიავას ბაზრობა, თუმცა ამჯერად მერიას არ ვურჩევდი ამის გაკეთებას.

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): ვერ გეტყვით, რომ უმტკივეულო იქნება. უკმაყოფილო ვიღაც აუცილებლად დარჩება, თუმცა თუკი კალაძემ ეს პრინციპულობა გამოიჩინა და გაათავისუფლა ეს ადგილი, ქალაქს ნამდვილად ეშველება. არ შეიძლება, ქალაქის ცენტრში ასეთი ანტისანიტარია იყოს.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): სულ უმტკივნეოლოდ არ მგონია, მაგრამ ორივე მხარის დათმობის საშუალებით, ალბათ ძირითად ნაწილში მაინც მოგვარდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთმა, იმ იმედით, რომ რაღაცას ჰპირდებიან, იფიქროს, რომ მეტი გამოაგლიჯოს და გუნდაობა დაიწყოს.

 

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): ალბათ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი მოგვარდება. რამდენად მალე, ამის თქმა რთულია. ეს არის 90-იანების გადმონაშთი. თუმცა დაცული უნდა იყოს მოვაჭრეების ინტერესები, რომ მათ ამ პროცესებით ზიანი არ მიადგეთ.

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):ვფიქრობ, უმტკივნეულოდ ეს საკითხი არ მოგვარდება, თუმცა ელიავას ბაზრობა ნამდვილად დიდი სიმახინჯეა ქალაქის ცენტრში. მიმაჩნია, რომ მერიამ ჯერ ის ფართი უნდა აჩვენოს, სადაც აპირებენ მათ გადაყვანას და შემდგომ მოხდეს მათი ტერიტორიიდან გაყვანა. ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში. იქ ძალიან ბევრი ადამიანის ბედზეა საუბარი და როგორც მოქალაქეს, მესმის მათი ტკივილი და იმედები. ამასთან, ერთადერთი გამართლება იქნება, თუ ამ ადგილზე კარგ პარკს გააკეთებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×