თიკო ოსმანოვა
22.11.2017

 რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების იმპლემენტაცია და მეზობელ ქვეყანასთან უვიზოდ მიმოსვლა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პრაღაში რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგ შეხვედრაზე განიხილეს.

ზურა აბაშიძე: ჩვენ ჩამოყალილებული გვაქვს დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ თემებს. რაც შეეხება კონფლიქტებს, აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხებს, ეს თემები ჟენევაში განიხილება.

ჩვენ გავაგრძელეთ ამ თემებზე საუბარი, დიდი თემებია. ვაჭრობა რუსეთთან ფართოვდება, ისევე როგორც სატრანსპორტო მიმოსვლა. მნიშვნელოვლად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. ასე რომ, ამ სფეროებში ყოველთვის წარმოიქმნება ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრამდე სხვადსხვა სახის პრობლემა.

"რეზონანსი": ამ შეხვედრაზე მოხდა თუ არა კონკრეტულად რაიმე საკითხის გადაჭრა ან მოგვარება?

ზ.ა: იქ წასვლამდე შეხვედრები მქონდა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სავაჭრო, ეკნომიკურ თემებთან დაკავშირებით თუ რამე პრობლემა არსებოდა, იქ დავაყენე. გარკვეული პროგრესი, მე მგონი, იქნება ამ მიმართულებით.

ჩვენს დელეგაციაში, მოგეხსენებათ, არის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, სატრასპორტო სამსახურის ხელმძღვანელი საგარეო უწყებიდან და, ასე ვთქვათ, ვაგრძელებთ ამ თემების განხილვას.

"რ": ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით თუ ისაუბრეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი თქვენი საუბრის ფორმატს არ ეკუთვნის?

გ.ხ: მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი მანდატი, დასაწყისში ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რეგიონების ოკუპაციაზე, საოკუპაციო ზოლების გავლებაზე, ადამიანების დაკავებებზე და ა.შ. სამწუხაროდ, ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ამაზე ყოველთვის აქცენტირებულად ვამახვილებ ყურადღებას და ამჯერადაც ასე იყო.

"რ": რაც შეეხება 2011 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებას, იქნა თუ არა ამ შეხვედრაზე რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული?

გ.ხ: მოგეხსენებათ, წინა შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ განვსაზღრავდით კონკრეტულ ვადას კონტრაქტების ხელმოსაწერად. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთის მხარემ ვერ შეძლო ჩვენი შეთანხმების შესრულება.

რამდენიმე განცხადება გააკეთეს, რომ ვითომ საქართველოს გამო ხდებოდა დროის გაჭიანურება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება - ჩვენ ამ შეხვედრაზეც დავადასტურეთ, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს მოვაწეროთ კონტრაქტებს ხელი. დასრულდეს დისკუსიები და გადავიდეთ საქმეზე.

ახლა რუსეთის მხარემ დაადასტურა თავისი მზაობა და ნოემბრის ბოლოს შედგება ჟენევაში შეხვედრა საქართველო-რუსეთი-შვეიცარიის წარმომადგენლებისა, რომლებიც გაივლიან ყველა დეტალს ამ პროექტთან დაკავშირებულს და ამის შემდეგ იმედია, მოხდება კონტრაქტების გაფორმება.

"რ": ე.ი. შესაძლოა, ეს ხელშეკრულება წლის ბოლომდე ამოქმედდეს?

ზ.ა: მინდა მქონდეს იმედი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შევთანხმდებით. სულ მალე შეიკრიბებიან ჩვენი წარმომადგენლები და ვნახოთ, რა იქნება; ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესი.

"რ": რაც შეეხება რუსეთის მხრიდან შესაძლო ვიზის გაუქმების საკითხს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველო-რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობა და უსაფრთხოების არარსებობა უშლის, თქვენ პირადად რა გითხრათ ამ საკითხზე?

ზ.ა: ძალიან მოკლე კომენტარი მოვისმინე, როგორც კარასინმა თქვა, რუსეთის მხარე ამ თემაზე მუშაობს. რას ნიშნავს ეს, კონკრეტულად მიჭირს თქმა.

"რ": დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არაფერი უთქვამს?

ზ.ა: არ ყოფილა ამაზე საუბარი. მათ იციან ჩვენი დამოკიდებულება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის არქონა უვიზო მიმოსვლას ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ გავაუქმეთ ვიზები და ამას ხელი არ შეუშლია. ასე რომ, თუ ექნებათ სურვილი და პოლიტიკური ნება, ამას გაამარტივებენ ან საერთოდ მოხსნიან - ეს მათი პრეროგატივაა. თუ ექნებათ პოლიტიკური ნება, ამას გააკეთებენ.

"რ": თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ასეთი შეხვედრები არაფრის მომცემია და ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა.

ზ.ა: ეს არის კომუნიკაციის არხი და როგორ შეიძლება, ამან თავისი თავი ამოწუროს?! ამიტომ კომუნიკაცია საჭიროა და გავიმეორებ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას - დიალოგი რუსეთთან რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის საჭირო დიალოგი.

ჩვენ რომ ამ თემებზე ვმსჯელობთ, ვაგვარებთ, ტურიზმი, ვაჭრობა გაიზრადა. ამ წლის ბოლოსთვის სავაჭრო ბრუნვამ შეიძლება, ერთ მილიარდს მიუკაკუნოს - ეს არ არის პატარა მაჩვენებელი. სატრანსპორტო მიმოსვლა ძალიან გაზრდილია, ამას ყველაფერს მიხედვა და ყურადღების მიქცევა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×