"თუ პოლიტიკური ნება იქნება, შეგვიძლია "სტინგერები" და დრონებიც შევიძინოთ"
ეკატერინე ბასილაია
22.11.2017

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი დოლარის ღირებულების მესამე თაობის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების, "ჯაველინების" გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამას გარდა, ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებით, 2018 წელს ამერიკელები 9 ქართული ბატალიონის წვრთნასაც იწყებენ. სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის ეს მხოლოდ დასაწყისია და აშშ-ისგან სხვა ლეტალური იარაღის მოწოდება და ამით თავდაცვის გაძლიერება აუცილებლად გაგრძელდება, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსების "სტინგერების" შესყიდვის დიდ ალბათობაზეც საუბრობენ.

"ახალი შეთანხმებები უფრო ინტენსიურად დაიწყება. როცა ეს პირველი სერიოზული ფაქტი შედგება, კონგრესი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს ზოგადად საქართველოსთვის ლეტალური იარაღის გადმოცემაზე. მთავარია, რომ ჯერ პრეცედენტი შედგეს და "ჯაველინების" თემა პირველი პრეცედენტია," - აცხადებს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი თვლის, რომ ამერიკელები საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ რეორგანიზაციას იწყებენ და ამაზე მიუთითებს არა მარტო "ჯაველინების" გადმოცემაზე თანხმობა, არამედ პენტაგონის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 ბატალიონის გაწვრთნაზე შემოთავაზება.

როგორც ჩანს, "ჯაველინები" პირველი მერცხალია და ამერიკელები და ქართველები აპირებენ, განავითარონ სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობა. "ჯაველინების" გადმოცემა იქნება პრელუდია იმავე 9 ბატალიონის მოსამზადებლად. "ჯაველინების" გადმოცემა, პლუს ინსტრუქტორების ამ პროცესში ჩართვა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელები სერიოზულად ემზადებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების სრული რეორგანიზაციისათვის," - ამბობს მაისაია.

მისი თქმით, ძალიან კარგი იქნება, მაგალითად, თუ დამატებით "სტინგერები" და დრონები (უპილოტო საფრენი აპარატები) მივიღეთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, წესიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გავაკეთოთ.

"ვნახოთ, გადმოგვცემენ თუ არა "სტინგერებს", ეს ძალიან კარგი იქნება. თუ პოლიტიკური ნება იქნება, ჩვენ შეგვიძლია, "სტინგერები" და დრონები შევიძინოთ," - ამბობს მაისაია.

"ჯაველინის" ტიპის სარაკეტო სისტემებისა და დანადგარების მიყიდვაზე აშშ-ს ქართულმა მხარემ მიმართა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან თანხმობაც მიიღო. როგორც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ იარაღის მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ეროვნულ უსაფრთხოებას განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ამ შეიარაღების საქართველოსთვის გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ დაარღვევს.

"საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. ამასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს," - ნათქვამია განცხადებაში.

ახლა ჯერი აშშ-ის კონგრესზეა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუმცა როგორც აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება კონგრესთან შეთანხმებითაა მიღებული, ამდენად, დაბლოკვა გამორიცხულია.

აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ თბილისში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სამხედრო ექსპერტები კი სამომავლო თანამშრომლობის დიდ პერსექტივებზეც აკეთებენ პროგნოზებს.

საგულისხმოა ის, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში თბილისში ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ აშშ-ისგან საქართველო ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებს მიიღებდა.

მაშინ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან" განაცხადა, რომ პენსის განცხადებების საფუძველზე უკვე შეგვეძლო ამერიკული შეიარაღების შესყიდვაზეც რეალურად ლაპარაკი და რომ დიდი ალბათობა იყო, კონკრეტულად "ჯაველინებისა" და "სტინგერების" გადმოცემა მომხდარიყო, ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო უპილოტო თვითმფრინავების, დრონების შეძენაც.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ "ჯაველინების" გადმოცემა თითქმის გადაწყვეტილია და ამას ემატება ამერიკელების მიერ 9 ბატალიონის აღჭურვა-გაწვრთნა, რაც, მისი თქმით, უფრო მეტად მეგა-პროექტია, ვიდრე იარაღის გადმოცემის ელემენტები.

მის თქმით, ამერიკიდან ადრე მიღებული შეიარაღების დიდი ნაწილი ჩვენ 2008 წელს დავკარგეთ, იგივე ემ-4 ტიპის შაშხანები და ასევე შეიარაღების ნაწილი, ასევე განადგურდა "იროკეზების" საბრძოლო ვერტმფრენები, რაც აშშ-ისგან მივიღეთ.

"ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ფაქტობრივად, ხელახლა ვიწყებთ შეიარაღებული ძალების აღმშენებლობას და როგორც ჩანს, აშშ-ში უკვე საქართველოს სხვა მოთხოვნების განხილვაც მოხდება. 9 ბატალიონის გაწვრთნას თუ მივიღებთ, ეს უკვე ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ დამატებით "სტინგერები" და დრონები მივიღეთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, წესიერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გავაკეთოთ," - ამბობს მაისაია.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი გვაძლევს შესაძლებლობას, აშშ-თან სრული სპექტრით ვითანამშრომლოთ და ეს დაიწყო კიდეც.

"შარშან ამერიკამ გადმოგვცა ცეცხლსასროლი შეიარაღება, რომელიც შემდეგ პოლიგონზე საჩვენებლად გამოსცადეს. ასევე გადაწყვეტილია ბატალიონების მომზადება-გაწვრთნა ამერიკელების მიერ და ახლა, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების შესყიდვა უკვე მესამე ღონისძიებაა, რაც ამ მემორანდუმის შემდეგ ხორციელდება. როდესაც აშშ ლეტალურ იარაღს გვაწვდის. ერთი, რომ მწვანე შუქს გვინთებს ნებისმიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის და ასევე ამით ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის," - მიიჩნევს სალუქვაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი სუსტი რგოლია და ამ მიმართულებით გაცილებით მეტი მოცულობის სამუშაოებია დასაგეგმი. მათ შორის ეს ეხება როგორც არსებული ტექნიკის აღდგენას, ისე შესყიდვას, თუმცა თვლის, რომ შესყიდვების მხრივ სახელმწიფოს შესაძლებლობები და თავდაცვის ბიუჯეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მასშტაბური შესყიდვები განვახორციელოთ.

"2018 წლის პირველ ნახევარში რაიმე ახალ კონტრაქტს აშშ-ისგან არ უნდა ველოდოთ. თუ "ჯაველინების" შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება, ეს იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი იმისკენ, რომ შემდგომშიც მსგავსი თანამშრომლობა აშშ-თან მეტ ინტენსივობას მიიღებს. სხვათა შორის, აშშ-ის დაფინასების მოძიება, იგივე დაბალპროცენტიანი იაფი ფულის, სამთავრობო გარანტიებით სრულიად შესაძლებელია, მათ შორის - იარაღის შეძენის დროს და ახლა მთავარია, რომ ჯერ პრეცედენტი შედგეს და "ჯაველინების" თემა პირველი პრეცედენტია," - დასძენს სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×