რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ სპეცოპერაცია გაჭიანურდა, თუმცა საკითხავია, რა იდგა მის უკან
გვანცა ღვედაშვილი
23.11.2017

 "პოლიტიკური თავშესაფრის კვალიფიკაციის მინიჭებისთვის ისეთი არგუმენტების წარდგენა, რომლებიც დაამტკიცებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი მართლაც არის პოლიტიკური დევნის ობიექტი, რთულად დასამტკიცებელია.

"თუ ქვეყნის მიერ სამართლიანია დევნა და ამის იურიდიული მოტივები არსებობს, ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ვიძახი, რომ მოქალაქეობის მიღება იმ ბიოგრაფიით, რომელიც ჩაბუქს აქვს საქართველოში, სავსებით ლოგიკური იქნებოდა", - აცხადებს "რეზონანსთან" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ისიც, რომ უკრაინამ იგივე პროცესები, რაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელდა, ანუ დეპორტაცია ყოფილ პრეზიდენტთან, სააკაშვილთან მიმართებაშიც განახორციელოს.

"რეზონანსი": როგორ შეაფასებდით სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს, შესაძლოა თუ არა ჩავთვალოთ, რომ საქართველოში იგეგმებოდა ტერორისტული ოპერაცია?

რამაზ საყვარელიძე: საქართველოში ბევრი ვინმე ცხოვრობს, ვინც შეიძლება, ათასი რამ დაგეგმოს. ამ პირობებში, იყო თუ არა ეს ტერორისტული ოპერაცია, ესეც საკამათოა.

ტერორისტები იყვნენ, იარაღი ჰქონდათ, თუმცა სავარაუდოა, რომ ოპერაცია იარაღის ამოღების მიზნით იგეგმებოდა და შემდგომ მათ გახსნეს ცეცხლი.

ანუ ტერორისტულ აქტად იყო ეს ჩაფიქრებული თუ უბრალოდ, იარაღის გადაადგილების პროცესში ფაქტიდან გამომდინარე გადაწყვიტეს სისხლის დაღვრა, ეს ალბათ გამოძიების გასარკვევია.

ასე ცალსახად კვალიფიკაციის მინიჭება, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც საქართველოსთვის ჩაიფიქრეს, მგონი, ჯერჯერობით ნაადრევია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდგომ შეიძლება იმის თქმა, სწორი იყო თუ არა სამთავრობო გუნდის რეაქცია. ფაქტი ის არის, რომ ოპერაცია გაჭიანურდა, თუმცა საკითხავია, რა იდგა ამ ოპერაციის უკან.

შეცდომები ოპერაციის დაგეგმვაში თუ ადამიანების აქტიური წინააღმდეგობა, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას უქადდა საფრთხეს, აი, ამ ალტერნატივაში გაირკვევა, სწორი იყო თუ არა ხელისუფლების მოქმედება სპეცოპერაციის ჩატარების ჩათვლით.

თუ საფრთხეს უქადდა მშვიდობიან მოსახლეობას, მაშინ გაჭიანურება გამართლებულია. ტერორისტებთან უამრავი ასეთი დაპირისპირდება ჭიანურდება სწორედ იმის გამო, რომ პროცესი მიიყვანონ უსაფრთხო გამოსავლის გაჩენამდე და პირდაპირი ბრძოლით არ გადაწყდეს პრობლემა.

"რ": რაც შეეხება მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. როგორ ფიქრობთ, სწორი იყო ეს გადაწყვეტილება?

რ.ს.: ჩაბუქის მოთხოვნაში იყო პოლიტიკურ თავშესაფარზე საუბარი, რაც ნიშნავს, რომ მასზე პოლიტიკური დევნაა. მე, მაგალითად, სრულიად გამართლებულად მივიჩნევდი იმას, რომ ჩაბუქს საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვა.

მისი ოჯახისა და მის მიერ საქართველოში გატარებული პერიოდი და შრომა იმსახურებს იმას, რომ ამ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა მიეღო. ჩემთვის გასაკვირია, რომ ეს მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული.

"რ": ე.ი. საქართველოს მოქალაქეობას უფრო მარტივად მიიღებდა, ვიდრე ლტოლვილის სტატუსს?

რ.ს.: პოლიტიკური თავშესაფრის კვალიფიკაციის მინიჭიებისთვის ისეთი არგუმენტების წარდგენა, რომლებიც დაამტკიცებს, რომ იგი მართლაც არის პოლიტიკური დევნის ობიექტი, რთულად დასამტკიცებელია.

თუ სამართლიანია დევნა და ამას იურიდიული მოტივები აქვს, ნებისმიერ ქვეყანას გაუჭირდება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამიტომ ვიძახი, რომ მოქალაქეობის მიღება იმ ბიოგრაფიით, რომელიც ჩაბუქს აქვს საქართველოში, სავსებით ლოგიკური იქნებოდა. მისთვის მოქალაქეობის მინიჭება იმაზე ადრეც შეიძლებოდა, ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა.

"რ": უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას როგორ შეაფასებდით?

რ.ს.: უკრაინის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს პირები საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მათი დეპორტაციის მოტივი პოლიტიკურია.

ალბათ, ეს უკავშირდება სააკაშვილსაც, რადგან ეს ადამიანები მისი მხარდამჭერები არიან. მაგრამ უკრაინის პროკურატურას მასზე საკუთარი აზრი არ გამოუთქვამს, გამორიცხული არ არის, სააკაშვილმაც მიიღოს იგივე შეფასება.

თუმცა, საერთოდ, საქართველოდან იმის კვალიფიკაცია, მოქმედებს თუ არა უკრაინა პოლიტიკური მოტივით, ცოტა ძნელია. რადგან ეს თავად უკრაინის იურიდიულ სივრცეში მიმდინარე პროცესია.

"რ": ამასთანავე, ისევ აქტუალური გახდა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხიც. საქართველოში აქტიურად დაიწყო სასამართლო პროცესიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, მისი ექსტრადირება უახლოეს მომავალში მოხდეს?

რ.ს.: არ ვიცი, საახალწლო საჩუქრად გადმოგვეცემა თუ არა სააკაშვილი, მაგრამ მისი გარემოცვიდან ადამიანების ექსტრადირება მეტ ალბათობას მატებს იმ ვერსიას, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იმავე რეჟიმში ჩააყენოს თვითონ სააკაშვილიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×