კალაძე: "მერია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათთვის საცხოვრებელ ფართებს"
თიკო ოსმანოვა
23.11.2017

 თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილი მოსახლეობის დროებით საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, თუმცა ისნის გამგეობისთვის ამ საკითხზე ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახი კალაძემ გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მოუწოდა, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას ან თბილისის მერიას მიმართოს.

"მწუხარებას გამოვთქვამ სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

"ამ ეტაპზე, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, სრულად არის დაცული და უზრუნველყოფილი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდებარე კორპუსებში, გვინდა დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა", - აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის საცხოვრებელ ფართებს.

"მერია, რასაკვირველია, იზრუნებს მოქალაქეებზე და, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის საცხოვრებელ ფართებს.

"ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვს დროებითი საცხოვრებელი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართებში გადაყვანა.

"ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 37 50 29; 599 53 70 40. ასევე დარეკონ მერიის "ცხელ ხაზზე": 2 72 22 22.", - განაცხადა თბილისის მერმა.

"რეზონანსი" ისნის რაიონის გამგეობასაც დაუკავშირდა და როგორც გვითხრეს, ამ დროისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს, თუმცა მზად არიან, ყველას გაუწიონ დახმარება.

აღსანიშნავია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული ოპერაცია თითქმის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდებარე ტერიტორიიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც.

სპეცოპერაცია დასრულდა, თუმცა მოსახლეობა საკუთარ სახლებს ჯერ არ დაბრუნებია. რამდენიმე სახლი დამწვარია. ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ, თუმცა, როგორც უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, სპეცოპერაციის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მთლიანად მოხდება.

მანამდე კი მოსახლეობის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფას მერია თავის თავზე იღებს. გუშინ, გვიან საღამოს კალაძე სპეცოპერაციის ადგილზეც იმყოფებოდა და მოსახლეობას დახმარება კიდევ ერთხელ აღუთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×