გვანცა ღვედაშვილი
23.11.2017

გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაცია დასრულებულია.

"ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სამწუხაროდ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი.

"ამასთანავე, დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

თვლით თუ არა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): რამდენადაც ვიცი, არსებობს მინიმალური დანაკარგის ზღვარი, ასეთი პრაქტიკაა საზღვარგარეთაც.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირებს შეიძლება აეფეთქებინათ ტერიტორია, დაზარალებულიყვნენ და დაღუპულიყვნენ მშვიადობიანი მოქალაქეები, თუმცა ეს ყველაფერი თავიდან იქნა აცილებული. ვფიქრობ, რომ მაინც წარმატებულად შიძლება მივიჩნიოთ ეს სპეცოპერაცია.

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): რთული სათქმელია. თუ ორი კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ და იცოდნენ, სად იყვნენ, მაინცდამაინც კორპუსში უნდა მომხდარიყო ოპერაციის ჩატარება?! - ვფიქრობ, რადგან მსხვერპლია, თანაც სერიოზული, სად გვყავს დასაკარგი ასეთი ბიჭები - ერთი მსხვერპლი და 3 დაშავებულია - ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, როგორიც უნდა ყოფილიყო და მაინც გამოჩნდა ქოცური არაპროფესიონალიზმი.

 

 გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი): არ ვიცი, წარმატებით ჩატარდა თუ არა. არავინ იცის და არც არავინ ამბობს, რეალურად რა ხდებოდა. საკითხავი ის არის, თუ 3 კაცი იყო, 20 საათი რატომ დასჭირდა მათ განეიტრალებას. ოპერაციის ჩატარების წარმატებაზე ვერაფერს გეტყვით.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, წარმატებით ჩატარდა თუ არა, რადგან ბოლომდე ინფორმაცია არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხალხი იყო, ვინ არიან, როგორ ჩატარდა და ა.შ.

თავისთავად ის, რომ ასეთი რამ დაადგინეს და გამოიკვლიეს, კარგია. მაგრამ ცალკეა ის, თუ როგორც ჩატარდა თავად ოპერაცია და არის თუ არა საფრთხე სრულყოფილად აღკვეთილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×