"ტერორიზმის საფრთხე ნებისმიერ ქვეყანაშია და მით უმეტეს, კავკასია ისეთი რეგიონია, საქართველო არ შეიძლება, ყურადღების ცენტრში არ იყოს ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან", - აცხადებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გავრცელდა, საკმაოდ ეფექტიანი იყო.
ამირან სალუქვაძე: ტერორიზმის საფრთხე ნებისმიერ ქვეყანაშია და მით უმეტეს, კავკასია ისეთი რეგიონია, საქართველო არ შეიძლება, ყურადღების ცენტრში არ იყოს ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან.
კრიტიკას რაც შეეხება, არ მიყვარს, როდესაც ჩემი კოლეგები საუბრობენ რაღაც სცენარებზე, რადგან სპეცსამსახურებმა იციან ეს ყველაფერი. მე 7 წელი დავყავი საგარეო დაზვერვაში და მერწმუნეთ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით მუშაობენ.
"რეზონანსი": შესაძლებელი იყო თუ არა კიდევ უფრო ადრე ამის აღკვეთა?
ა.ს: ამას ვერ ახერხებენ წამყვანი და ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი. ტერაქტები ხდება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში და ა.შ.
ამით მე იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს და სპეცსამსახურებს არ აქვთ პრობლემები, მაგრამ ამ პრობლემებს ჩატარებულ სპეცოპერაციას ვერ მივაბამდი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა მოხდა.
მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ, დიდი ალბათობით, ეს იყო ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. და თუ ეს მართლაც ასე იყო, ნიშნავს, რომ სპეცსამსახურმა იმუშავა, დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია.
სამწუხაროა, რომ მსხვერპლით დასრულდა და გვყავს დაკარგული მებრძოლი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახსა და თანამებრძოლებს.
"რ": როგორ შეაფასებდით უკვე ჩატარებულ სპეცოპერაციას?
ა.ს: ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე ჩემი კოლეგებისა და პოლიტიკოსების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ დიდხანს გაიწელა სპეცოპერაცია, მაგრამ წარმოიდგინეთ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეციალური მოქმედებები.
ეს სროლები ღამე რომ დაწყებულიყო, ნორმალური იქნებოდა მოსახლეობისთვის?! შტურმი უფრო მეტად უსაფრთხო ღამე იქნებოდა, ვიდრე დღისით? ამაზე არავინ ფიქრობს.
რაც შეეხება თვითონ ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, შტურმი ყოველთვის ბოლო ეტაპია. მანამადე უმჯობესია, აწარმოო მოლაპარაკებები, რათა ჩაბარდნენ შეიარაღებული ჯგუფის წევრები.
როცა ამოიწურება მოლაპარაკების რესურსი, მხოლოდ ამის შემდეგ არის შტურმი მიზანშეწონილი. დანარჩენი დეტალები არ ვიცით და ვარაუდის დონეზე რთულია მსჯელობა.
მე ვთვლი, რომ, მიუხედავად სპეცსამსახურების ხშირი კრიტიკისა, სპეცდანიშნულების რაზმებში ჩვენ გვყავს საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები და რა ინფორმაციაც გაგვაჩნია, იმაზე დაყრდნობით შემიძლია თქმა, რომ მათ იმოქმედეს საკმაოდ ეფექტიანად.
ამ სპეცოპერაციის ჩატარება უფრო ნაკლებ დროშიც შეიძლებოდა, მაგალითად, მთლიანი სადარბაზოს აფეთქებით, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ხომ არ იქნებოდა მისაღები?!
როდესაც ცდილობ, რომ ნაკლები ადამიანური მსხვერპლითა და მატერიალური ზარალით განახორციელო სპეცოპერაცია, ის ყოველთვის დროში იწელება.
მით უმეტეს, რომ ჩვენ არ გვქონდა საქმე მოუმზადებელ შეიარაღებულ ჯგუფთან, ყველა მოქმედებაზე ეტყობოდათ, რომ ისინი იყვნენ პროფესიონალები თავის საქმეში.
"რ": როგორც ითქვა, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართევლოს მოქალაქეები. აღნიშნულმა ფაქტმა გამოავლინა თუ არა უსაფრთხოების სამახურების ხარვეზები?
ა.ს: ჩვენ ვერ დავხურავთ საზღვრებს უცხოელი მოქალაქეებისთვის. მით უმეტეს, რომ ტერაქტების ჩამდენი პირები მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ანუ ვისზეც გავრცელებულია სტერეოტიპი, მუსლიმანური სამყაროს წარმომადგენლები არ არიან. ხშირად ადგილობრივი მოქალაქეებიც სჩადიან ტერაქტებს.
მოტივები, თუ რატომ მიდიან ასეთ ნაბიჯზე, მარტივად ასახსნელი არ არის, ეს საკმაოდ ხანგრძლივი საუბრის საგანია და არ მინდა ჩაღრმავება. ანალოგიური შეეძლო გაეკეთებინა ჩვენს მოქალაქეს.
ის, რომ ეს ჯგუფი აღმოაჩინეს და, დიდი ალბათობით, სპეცსამსახურებს ამაზე ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, სავარაუდოდ უთვალთვალებდნენ და მიდიოდა მუშაობა, უკვე კარგი ფაქტია. და თუ ეს დანამდვილებით ასე იყო, ვერანაირად ვერ ვისაუბრებთ სპეცსამსახურების ხარვეზებზე.
შეიძლება რაღაც დეტალებზე საუბარი, მაგრამ არა - ამ კონკრეტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ამ ჯგუფს რამე რომ ჩაედინა, მაშინ კი, ბატონო, ვისაუბრებდით ხარვეზებზე, თუ რატომ გაეპარა ეს ინფორმაცია სპეცსამსახურებს. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენთან ტერაქტი არ განხორციელებულა და ნახევრად ლიკვიდირებული იქნა შეიარაღებული დაჯგუფება.
უნდა დაველოდოთ სპეცსამახურების ინფორმაციას, რადგან, როგორც ვიცით, ამ ჯგუფიდან ერთი პიროვნება აყვანილია და საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.
შესაძლოა, ეს ხანგრძლივი პერიოდითაც გაიწელოს, მაგრამ ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მე ვერ და არ გავაკრიტიკებდი სპეცსამსახურებს, რადგან მათი პრობლემები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამე ხდება.
მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლუტურად ყველას, ვინც მონაწილეობას იღებდა სპეცოპერაციაში. სასიამოვნოა ისიც, რომ დროულად გაცხადდა. არ ვიცი, რა ზიანი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ ისიც, რომ მათი ზარალი ანაზღაურდება, კარგი ფაქტია.