"დააფიქსირეს, რომ 3 ტერორისტია დახოცილი და თქვეს ისიც, რომ 3 დღეში გაეცემა პასუხი, ვინ არიან. რად უნდა ამას 3 დღე? ძალიან ბევრი კითხვაა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. რამდენი ტერორისტი იყო ან რატომ გაგრძელდა 20 საათი თუნდაც 4 ტერორისტის დაკავება, თანაც, როდესაც 1 სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს?
"თუ წინასწარ ინფორმაცია ჰქონდათ, რამდენი ტერორისტი იყო ბინაში და მათ ასეთი შეიარაღება ჰქონდათ, მაშინ თავიდან მცირე ჯგუფი რატომ მიიყვანეს, რადგან აშკარად ჩანდა, რომ სპეცრაზმელები გაცილებით ბოლო ეტაპზე ჩართეს ან ოპერატიული ინფორმაცია თავიდან რატომ არ გადაამოწმეს?" - კითხვებს სვამს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია.
ვახტანგ მაისაია: კითხვები ძალიან ბევრია. ტერორისტების რაოდენობაც არ არის გარკვეული, მათი ასავალ-დასავალიც გაურკვეველია. დააფიქსირეს, რომ 3 ტერორისტია დახოცილი და თქვეს ისიც, რომ 3 დღეში გაეცემა პასუხი, ვინ არიან.
რად უნდა ამას 3 დღე? ძალიან ბევრი კითხვაა, რა ფენომენთან გვაქვს საქმე. რამდენი ტერორისტი იყო ან რატომ გაგრძელდა 20 საათი თუნდაც 4 ტერორისტის დაკავება, თანაც, როდესაც 1 სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს?
თუ წინასწარ ინფორმაცია ჰქონდათ, რამდენი ტერორისტი იყო ბინაში და მათ ასეთი შეიარაღება ჰქონდათ, მაშინ თავიდან მცირე ჯგუფი რატომ მიიყვანეს, რადგან აშკარად ჩანდა, რომ სპეცრაზმელები გაცილებით ბოლო ეტაპზე ჩართეს ან ოპერატიული ინფორმაცია თავიდან რატომ არ გადაამოწმეს?
ჩემთვის კითხვად რჩება, რამდენი ტერორისტი იყო.
"რეზონანსი": სამი ადამიანი 20 საათის განმავლობაში სპეცრაზმს ესროდა. გამოდის, რომ დედაქალაქში ამხელა რაოდენობის იარაღის შემოტანა-შენახვა არცთუ ისე რთულია?
ვ.მ: ფაქტი სახეზეა. მე ვერიდები რამე წინასწარ დასკვნას, თუმცა დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველო შავი ტრანზიტის დერეფანია, მათ შორის, არა მარტო "ხალიფატის" მებრძოლების, არამედ იარაღისა და ასევე ნარკოტიკების ტრანზიტზეც იყო საუბარი.
როგორც ჩანს, ეს ტერორისტული ჯგუფი ტრანზიტზე შემდგარი ჯგუფი იყო, რომელიც სხვა მიმართულებით გადაადგილდებოდა. რა მიმართულებით, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ და იმედია, ამას გამოძიება დაადგენს.
"რ": რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე?
ვ.მ: როგორც გითხარით, საქართველო შავი ტრანზიტის დერეფანია. როგორც ჩანს, წინასწარ იყო დაგეგმილი კონსპირაციული ბინა, ეს იყო სატრანზიტო პუნქტი და ჩვენი სპეცსამსახურები ამ პუნქტზე გავიდნენ.
ასეთ პუნქტებში არსებობს წინასწარ მომზადებული იარაღის მარაგი, გარკვეული პროდუქტები და გარკვეული დოკუმენტები. ასევე არის მეორე ვარიანტი, რომ ამ ჯგუფის წევრებმა ეს იარაღი საქართველოში თავად შემოიტანეს.
"რ": რუსული ინტერესი რამდენად შეიძლება იყოს? რუსული მხარის განცხადებები ხშირად მოგვისმენია იმაზე, რომ საქართველო ტერორისტების მომზადების ადგილია და ამიტომ არ თანხმდებიან უვიზო მიმოსვლას.
ვ.მ: ასეთი ტიპის ოპერაციები რუსეთში, ფაქტობრივად, ყოველდღე ტარდება და გაცილებით უფრო მკაცრად და დიდი მსხვერპლით. რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში ასეთი ტიპის ქმედებები ახალი არ არის.
აზერბაიჯანში ჩატარდა 4-5 ასეთი მასშტაბური ოპერაცია, როდესაც ბაქოში ტერორისტული ჯგუფების ლიკვიდაცია მოხდა. ოკუპირებულ აფხაზეთშიც კი აღმოაჩინეს ზაფხულში ტერორისტები. ტერორიზმი საერთო სენია.
ტერორისტებთან გვაქვს საქმე თუ სხვა რამესთან, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე თქვა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებაზეა საუბარი და, დიდი ალბათობით, ასეცაა.
"რ": შესაძლოა, ამ ჯგუფის მიზანი ტერორისტული აქტის მოწყობა ყოფილიყო, თუ საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ჰაბად განიხილება?
ვ.მ: ამაზე საუბარი ნაადრევია. გამოკვლევა უნდა მოხდეს იმ ადგილისა, სადაც ეს სპეცოპერაცია მოხდა. ჯერჯერობით, რაც ვიცით, გამოყენებული იყო ხელნაკეთი ყუმბარები, სნაიპერული შაშხანები და საბრძოლო იარაღი. ჩემი აზრით, უფრო ტრანზიტის ვარიანტი იყო, ვიდრე ტერაქტის მცდელობა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ტერორისტული აქტისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული.
"რ": რამდენად დიდი დასაყრდენი და ქსელი შეიძლება ჰქონდეს "ისლამურ ხალიფატს" საქართველოში? ამ სპეცოპერაციის დაკავშირება ისევ პანკისთან მოხდა და დღეს რა ხდება თუნდაც პანკისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში ამ მხრივ?
ვ.მ: პანკისიდან ყველაზე ნაკლებად ხდებოდა წასვლა და ამ რეგიონის კონტროლიც გაცილებით იოლია. 2016 წლიდან ფაქტობრივად შეწყდა პანკისიდან საბრძოლველად რეკრუტირება.
უბრალოდ, რატომღაც პანკისზეა ფოკუსირება, სხვა რეგიონებიდან რამდენი წავიდა, იმავე აჭარიდან, ქვემო ქართლიდან, ამის მონიტორინგი არავის გაუკეთებია.
ერთი მომენტი ისაა, რომ, სპეცსამსახურების ინფორმაციით, პანკისიდან 50 ადამიანია სირია-ერაყის ომში წასული. ამ დროს 23 ადამიანი მარტო გარდაცვლილია. "დაეშის" რიგებში რამდენი მიდიოდა, ამის დაფიქსირება და კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.
"დაიშში" ქართული ელემენტი რომ საკმაოდ ძლიერია, ესეც ფაქტია. ახლაც დომინანტურ როლს თამაშობს. "დაიშის" პროგნოზირება და მათთან ბრძოლის ელემენტების გამოკვეთა ურთულესია.
მათთან ბრძოლა უჭირს ისეთი მაღალი დონის სპეცსამსახურებს, როგორებიცაა საფრანგეთისა და ბელგიის, აშშ-შიც კი განახორციელეს მათ დარტყმა. ლათინურ ამერიკაშიც აქვთ ძლიერი ქსელი. საქართველო მათთვის სატრანზიტო ჰაბია.
მას შემდეგ, რაც "დაიშმა" საგრძნობი დარტყმა მიიღო სირიასა და ერაყში, მათი "სახელმწიფო" ფაქტობრივად მოიშალა, ისინი ე.წ. ქსელური ტიპის მართვის სისტემაზე გადავიდნენ.
ეს ითვალისწინებს კარგად კონსპირირებული იატაქვეშა ჯგუფების შექმნასა და ასიმეტრიული საბრძოლო ოპერაციების განხორციელებას. ეს ერთი ვარიანტია.
მეორეც, "დაიში" ცდილობს, ახალი ტიპის დასაყრდენი გააჩინოს ავღანეთში, პაკისტანსა და ცენტრალურ აზიაში, სადაც მათი მხრიდან საკმაოდ ძლიერი პოზიციები არსებობს.