საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ენერგეტიკულ საკითხებშიც უძლურია
მარი ჩიტაია
23.11.2017

 "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი აფხაზებს მიაქვთ და მალე მთლიანად მიითვისებენ. ოკუპირებულ რეგიონში დენის მოხმარების ზრდა უტყუარს ხდის, რომ მალე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადგური მხოლოდ სეპარატისტებისთვის იმუშავებს. ბოლო წლებში ზამთარში ისედაც ასე ხდება ხოლმე. საქართველოს ხელისუფლება სეპარატისტებთან ენერგეტიკულ საკითხებშიც უძლურია.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში "ენგურჰესისა" და "ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 3 მლრდ 750 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აფხაზეთმა ამ პერიოდში მიიღო 1 მლრდ 565 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია ანუ 42%, რითაც დაგეგმილ ნორმას უკვე აჭარბებს.

წინ ნოემბერ-დეკემბერია და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. როგორც წესი, აფხაზეთმა გამომუშავებული დენის მხოლოდ 40% უნდა მიიღოს, მაგრამ ეს პირობა მხოლოდ ქაღალდზეა და თამაშის წესები აშკარად შეიცვალა. ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბი აფხაზეთში უკვე კატასტროფულ ზღვარს აღწევს, რითაც საბოლოოდ ქართული მხარე ზარალდება.

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ოქტომბერში "ენგურჰესმა" და "ვარდნილჰესმა" 202 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რომლის 68%, ანუ 136 მლნ კვტ/სთ აფხაზებმა წაიღეს. ცხადია, წლის ბოლომდე უარესი სიტუაცია იქნება და ოკუპირებულ რეგიონს არც კი ეყოფა დენი, რაზეც წინა წლებშიც აქტიურად იყო საუბარი. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში აფხაზეთის მიერ "ენგურჰესიდან" მიღებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი 50%-ს მიაღწევს.

ქართველი ენერგეტიკოსები ემხრობიან აზრს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთისთვის მოხდეს ყოველდღიური მოხმარების გაანგარიშებით, თუმცა სანამ ისინი ელექტროენერგიის მიწოდების მექანიზმზე ბჭობენ, მხარეები სამთავრობო დონის შეხვედრას გეგმავენ.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, დეპუტატი რევაზ არველაძე ამბობს, რომ იგეგმება სამთავრობო დონის შეხვედრები, რათა ერთხელ და საბოლოოდ გადაწყდეს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი.

"ენგურჰესის" სადგური განლაგებულია ენგურს გაღმა - საბერიოში და ჩვენს დისპეჩერს მასზე წვდომა არ აქვს. რამდენიც სჭირდებათ, იმდენი ელექტროენერგია მიაქვთ. გვინდა თუ არა, აფხაზეთის ელექტრომომარაგების საქმეს ვემსახურებით, ზამთარში კი "ენგურჰესი", ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონისთვის მუშაობს. ეს არის რეალობა.

აქამდე ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებდა ენერგეტიკის სამინისტრო. ახლა ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებში გადავა, ალბათ, დეპარტამენტის ფუნქციით აღიჭურვება, მაგრამ გააკეთებს იმავეს, რასაც თავის დროზე კახა კალაძე ემსახურებოდა. ამ შემთხვევაში, ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში მინისტრი თუ არა, მოადგილე გაუწევს კურატორობას.

დღესდღეობით აფხაზეთს იმაზე მეტი ელექტროენერგია მიაქვს, რაც აქამდე იყო დაწესებული. ლიმიტს საგრძნობლად გადააჭარბეს. გაისად კი "ენგურჰესი" დიდი ხნით დაიკეტება და აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთს მოუწევს", - აცხადებს არველაძე.

ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ აფხაზეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება იგეგმება, რაც რეგიონში დენის მოხმარების მაჩვენებელს შეამცირებს. ეს იქნება ერთადერთი საშუალება სეპარატისტების მხრიდან ელექტროენერგიის ხარბი მოხმარების მოსათოკად.

"გამრიცხველიანება აფხაზეთში დენის მოხმარებას შეამცირებს. ამაზე სერიოზულად მიდის საუბარი, მაგრამ როდიდან დაიწყება ეს პროცესი, ჯერჯერობით უცნობია. ამის შემდეგ დენის მოხმარება შეიძლება ჩაჯდეს 40/60%-ში, რის პირობაც მხარეებს შორის არაოფიციალურად დაიდო", - ამბობს არველაძე.

ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი მირონ ფირცხელანი ფიქრობს, რომ აფხაზეთის ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით მიდგომა შესაცვლელია.

"ახალი არაფერია, მუდმივად ვსაუბრობთ, რომ მიდგომა შესაცვლელია, მაგრამ ახალს ვერაფერს ვაკეთებთ. პოზიცია უნდა შეიცვალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან. როცა სახელმწიფო ვიქნებით, სხვა ენაზე დაგველაპარაკებიან, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის მოსალოდნელი.

ისჯება ქართველი ხალხი, ჩვენი ცოდვა-ბრალია და სხვა ვის უნდა მოვკითხოთ. ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც საქართველოსა და რუსეთის მთავრობები თამაშობენ და არ არის ის, რაც ქართველ და აფხაზ ხალხს რეალურად სჭირდება. ჩვენ თუ არ გვესმის საკითხი, სხვას რაღა უნდა მოვთხოვოთ.

არ ვიცი, რას მოგვიტანს სამთავრობო დონის შეხვედრები, კარგს არაფერს ველოდები. ყოველთვის ყველა დიალოგსა და მოლაპარაკებაში ქართული მხარე ზარალდება, ამასაც მივეჩვიეთ", - აცხადებს მირონ ფირცხელანი.

აფხაზეთის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბური ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა აფხაზეთის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც. ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი ირაკლი ცქიტიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთისთვის დენის მიწოდების საზღაურს საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის და ასეთი დამოკიდებულება შესაცვლელია.

"რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთს ჩვენი ქვეყანა უარს ვერ ეტყვის. ამ საზღაურს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი მოსახლეობა იხდის, აფხაზები კი ყოველთვის მალავენ, რომ ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეს შეღავათი აქვთ. ყველა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრაში ისინი აფიქსირებენ, რომ ელექტროენერგიას რუსეთისგან იღებენ.

გამოდის, რომ ჩვენ ვიხდით მილიონობით ლარს აფხაზეთის განათებისთვის და სანაცვლოდ შეიძლება გვაგინონ, როცა მოესურვებათ. რა ლოგიკაა, ვერ ვხვდები. საქართველოს მთავრობის მხრიდან მიდგომა აშკარად შესაცვლელია", - აცხადებს ირაკლი ცქიტიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×