4 შტურმი, 4 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობა, ინტენსიური სროლა და აფეთქებები
ეკატერინე ბასილაია
23.11.2017

 ტერორიზმში ეჭვმიტანილებიდან ლიკვიდირებულია 3 და დაკავებულია 1; სპეცოპერაციის დროს დაიღუპა 41 წლის სპეცრაზმელი, დაჭრილია 2 სპეცრაზმელი. ამასთან, დაჭრილია ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება მასშტაბური 20-საათიანი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.

სპეცოპერაცია მსხვერპლით დასრულდა და მთავარი კითხვაა, ტერორიზმში ბრალდებულ ადამიანებს რა მიზანი ჰქონდათ, როგორ შეძლეს დიდი რაოდენობის იარაღის შენახვა ბინაში, კონკრეტულად ვინ არიან ისინი და საერთოდ, რა ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათზე, რადგან გაცხადდა, რომ სუს-ის წარმომადგენლები მათ რამდენიმე კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.ჯერ არ ცხადდება, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ დამნაშავეები, ითქვა მხოლოდ ის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, 18 საათისთვის ერთ-ერთი ბრალდებული სადარბაზოდან ეზოში გავიდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მან თავი აიფეთქა, მეორე ვერსიით კი, სამართალდამცავებთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.

ასევე ადგილობრივების თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დაქირავებული ჰქონდათ კორპუსის მეორე სართული, თუმცა სამართალადმცავების მისვლის შემდეგ დანაშულებრივი ჯგუფის წევრებმა მესამე სართულის სახლის კარიც შეამტვრიეს და ცეცხლი ორივე ბინიდან გახსნეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დახოცილები ერთი ოჯახის წევრები არიან, ორი ძმა და მათი მამა.

"არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

"საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - ეს უკვე საღამოს 7 საათზე, ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა, რომელმაც იქვე თქვა, რომ 3 დამნაშავე ლიკვიდირებულია, ხოლო 1 - დაკავებული.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული დამნაშავის ვინაობა სუს-ს არ გაუსაჯაროებია, თუმცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რიზვან გორნაკაშვილია, რომელიც ხელოსანია და თბილისში კერძო შეკვეთებზე მუშაობდა.

გორნაკაშვილი ის პირია, რომელმაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა. პანკისში ამბობენ, რომ იმ ბინის მეპატრონე მერი ხანგოშვილია, რომლის შვილმა, პანკისის სოფელ დუისის მცხოვრებმა 26 წლის ასლანბეგ ჯაბრაილოვმა ცოლისძმის, რიზვან გორნაკაშვილის თხოვნით ბინა ერთი თვის წინ 300 დოლარად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გააქირავა.

ჯაბრაილოვი ახმეტაში "სოკარის" ავტოგასამართ სადგურზე მუშაობს და ის პოლიციაში დასაკითხად თავად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც სპეცოპერაციის კადრებში საკუთარი ბინა იცნო. პანკისელების ინფორმაციით, ჯაბრაილოვი ამ დროისთვის თბილისში გადაიყვანეს. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცავებმა დღეს დააკავეს.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრ ზელიმხან წუწაშვილის განცხადებით, დაპატიმრებული გორნაკაშვილი თავისი მეზობელია და მის კავშირს ტერორისტულ დაჯგუფებასთან გამორიცხავს. დაკავებულის ოჯახი სოფელ ომალოში ცხოვრობს.

ადგილობრივების თქმით, რიზვან გორნაკაშვილი ხეობას პერიოდულად სტუმრობდა, ბოლოს კი დაახლოებით ერთი კვირის წინ ნახეს.

4 შტურმი, უპრეცედენტო რაოდენობის სპეცრაზმელი, 4 ერთეული "კობრას" ტიპის მძიმე ჯავშანტექნიკა, კორპუსიდან ევაკუირებული მოსახლეობა, ინტენსიური სროლა, აფეთქებები და კვამლი, მობილიზებული სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები - თბილისის გარეუბანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე #46 კორპუსში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) სამშაბათს გვიან ღამით დაიწყო და ოთხშაბათის საღამოს 6 საათზე დაასრულა.

კორპუსთან, რომლის მესამე სართულზეც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სამართალდამცველების რაზმი დაახლოებით ღამის 9 საათზე გამოჩნდა. როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, ისინი ტერორიზმში ეჭვმიტანილ რამდენიმე ადამიანს ეძებდნენ.

სპეცრაზმმა ალყაშემორტყმული კორპუსის პირველი შტურმი გუშინ დილის 5 საათისთვის დაიწყო და ის მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განახლდა. ტერორიზმში ეჭვმიტანილებმა ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს. მათ შორის ხელყუმბარებიც გამოიყენეს. მოქალაქეები არ დაშავებულან.

მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა კორპუსებიდან დილიდან გაიყვანეს. ინტენსიური სროლისა და აფეთქებების გამო რამდენიმე ბინა დაზიანდა, რამდენიმეში ცეცხლიც გაჩნდა. უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

დილით ადრე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოპერაციის დაწყებამდე ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებთან ჩაბარებაზე კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა მოლაპარაკებები აწარმოა, თუმცა უარი მიიღეს და შემდეგ "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს".

სპეცოპერაციის დაწყებისას თავის არეში მძიმედ დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მოგვიანებით ის გარდაიცვალა. დილით ადრე გაიმართა მთავრობის სხდომაც, თუმცა ოფიციალურ თანამდებობის პირებს მთელი დღის განმავლობაში განცხადება არ გაუკეთებიათ.

ოპერაციის დასრულების შედეგ განცხადებები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთეს.

გომელაურის განცხადებით, არის კითხვები, რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი და ეს მოხდა იმიტომ, რომ ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო, რადგან "იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ".

"თუ შევხედავთ დღევანდელ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში, როცა ასეთი წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს", - ამბობს გომელაური.

მან კომენტარი გააკეთა "ფეისბუკზე" გავრცელებულ მუქარაზეც, რომ "მომხდარის გამო დახოცილი ძმებისთვის საქართველო ათასი თავით გადაიხდის". გომელაურის თქმით, ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუ მუქარა "ფეისბუკზე", გამოძიებაზე მიბმული იქნება და საკითხს სერიოზულად მიუდგებიან.

გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა, დაჭრილებს კი გამოჯანმრთელება უსურვა, შემდეგ ერთგვარი საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ "პოლიტიკოსები თუ ექსპერტები გამოთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას" და რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული ასეთი ტიპის სპეკულაციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×